ლევან დავითაშვილი - ჰაერის დაბინძურების მიზეზები კომპლექსურია, ამის პასუხი გამწვანებაა, რაზეც თბილისის მერია აქტიურად მუშაობს
ლევან დავითაშვილი - ჰაერის დაბინძურების მიზეზები კომპლექსურია, ამის პასუხი გამწვანებაა, რაზეც თბილისის მერია აქტიურად მუშაობს

მწვანე ტრანსპორტის პოლიტიკაზე ქალაქს პრეზენტაცია ჰქონდა და ვფიქრობ, ეს იმის ადეკვატური პასუხია, თბილისში უფრო სუფთა გარემო როგორ უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„მწვანე ტრანსპორტის პოლიტიკასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ ძალიან ღიად დააფიქსირა დროში გაწერილი პასუხისმგებლობები, როდის რა გაკეთდება, 2019 წელს რას მივიღებთ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სად გვექნება და ის, რომ 2020 წელს კიდევ უკეთესი მდგომარეობა გვექნება, 2021 წელს კი მნიშვნელოვანწილად გვექნება მოგვარებული იმ პრობლემების ძირითადი ნაწილი, რომელიც ჰაერის სისუფთავეს უკავშირდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ამ განცხადებით ლევან დავითაშვილმა გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვას უპასუხა, როდის დადგება ქალაქში ხელშესახები შედეგები.

მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების მიზეზები კომპლექსურია და ამის პასუხი გამწვანებაა, რაზეც თბილისის მერია აქტიურად მუშაობს.

„აქ, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება, ჩვენ, ყველამ, გარკვეული წვლილი შევიტანოთ თითოეული მცენარის დარგვით, მოვლით და ა.შ. თუ საზოგადოებას აღქმული ექნება, რომ ეს აქტუალურია, ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი მიღწევადია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თბილისში ოთხი ავტომატური სადგურია, რომლებიც ძირითად დამაბინძურებლებს ზომავს და ჰაერის მონიტორინგი იმ პრინციპებით ხორციელდება, რაც განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირშია მიღებული.