ლევან დავითაშვილი - გვესმის დისკომფორტი, მაგრამ ფერმერებისთვის დაწესებული კონკრეტული კორიდორი იძლევა საშუალებას, საგაზაფხულო სამუშაოები შეფერხების გარეშე წარმართონ
ლევან დავითაშვილი - გვესმის დისკომფორტი, მაგრამ ფერმერებისთვის დაწესებული კონკრეტული კორიდორი იძლევა საშუალებას, საგაზაფხულო სამუშაოები შეფერხების გარეშე წარმართონ

გვესმის უხერხულობები და დისკომფორტი, რომლებიც ფერმერებს გააჩნიათ მობილობასთან დაკავშირებით, მაგრამ მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა, რათ ა  ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონოდა და არა კატასტროფა, რომელიც გარდაუვალი იყო შეზღუდვების დაწესების გარეშე, – ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიზნით ავტომობილებით გადაადგილების დროსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შედეგად საქართველოში არის კორონავირუსით გამოწვეული მინიმალური ფატალური შემთხვევები და ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულების ძალიან მცირე რაოდენობა.

„ეს ყველაფერი მიღწეულია ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების დაუღალავი შრომით, მაგრამ ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და საკოორდინაციო ჯგუფმა მიიღო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. არაერთხელ განგვიცხადებია, თითოეული ეს შეზღუდვა გულისხმობს დამატებით დისკომფორტს ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს უკავშირდება უბრალოდ საყოფაცხოვრებო, თუ სამეურნეო საქმიანობას ამა თუ იმ სუბიექტების. ასევე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა და შეზღუდვის გაგრძელებამ, ვიცით, რომ ჩვენს მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი შეუქმნა. ჩვენ ეს ყველაფერი გვესმის, გვესმის, მათ შორის ეს უხერხულობები, რომლებიც ფერმერებს გააჩნიათ იგივე მობილობასთან დაკავშირებით, მაგრამ მერწმუნეთ, მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა, რათა ჩვენ ეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონოდა და არა კატასტროფა, რომელიც გარდაუვალი იყო ასეთი შეზღუდვების დაწესების გარეშე“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

მისი თქმით, უპირველესი ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მთავრობას უწევს გარკვეული კომპრომისი ეკონომიკასთან მიმართებაში.

„ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ შედეგებს მივაღწიეთ მხოლოდ საზოგადოების სოლიდარობით. სოლიდარობა არის აუცილებელი პირობა, რომ გვქონდეს წარმატება. ამ შემთხვევაში ფერმერებიც, რომლებიც განსაკუთრებით ღირებული კატეგორიაა, ჩემთვის პირადად, რომლებიც არიან ჩემი სფეროს წარმომადგენლები,  კოლეგები, მეგობრებიც, მეც დიდი ხანია, ამ სფერო სწარმოვადგენ, რა თქმა უნდა, იქნებიან სოლიდარული დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებენ, რომ ეს არ არის ყველაზე კომფორტული პერიოდი მათ ცხოვრებაში. ბევრი სირთულე შეიძლება, იყოს მათ საქმიანობაშიც, მაგრამ გამოსავალი არის თანამშრომლობაში და მეტ კომუნიკაციაში“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისი თქმით, მობილობის კონკრეტული კორიდორი, რომელიც ფერმერებისთვის დაწესდა, იძლევა საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები წარმართონ.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, რაც ფერმერებისთვის მივიღეთ, ესეც აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იყო. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ მობილობის მეტი შეზღუდვა მეტ შედეგებს გვაძლევს. კონკრეტული კორიდორი, რომელიც ფერმერებისთვის დაწესდა, იძლევა საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარონ და შეფერხების გარეშე. თუმცა გარკვეული სირთულეები ემატება მათ საქმიანობას, მაგრამ მუნიციპალიტეტების დონეზე, ყოველდღიურად შეუძლიათ, ჰქონდეთ კომუნიკაცია და მუნიციპალიტეტები მისცემენ საშვებს, დამატებით უფლებას მცირე მაღაზიების ოპერირების შემთხვევაში, ასევე დამატებით ინფორმაციას კითხვებზე, რომელიც შეიძლება, ჰქონდეთ გადაადგილებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ გაცხადდა გუშინ, ყველა ფერმერისთვის არის ხელმისაწვდომი. ჩვენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვუგზავნით დღის განმავლობაში ყველა ფერმერს, რათა კიდევ ყველასთან მივიდეს ინფორმაცია, რომ დილის და საღამოს კონკრეტულ საათებში მათი გადაადგილება არის დაშვებული, თუ საავტომობილო გადაადგილებას ვგულისხმობთ. ფეხით გადაადგილება კი, ახლომდებარე საკარმიდამო, თუ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში  შეზღუდული არ არის“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ამბობს, რომ თითოეული გადაწყვეტილება არის რთული, მაგრამ ძალიან დიდი საჭიროებიდან გამომდინარე.

„ეს ხდება მყისიერად, ხანდახან ძალიან სწრაფად და თითოეული ასეთი გადაწყვეტილება იწვევს გარკვეულ შეფერხებებსაც, მათ შორის კომუნიკაციაში. ჩვენ დავინახეთ, რომ იყო იგივე ცხელ ხაზზე ძალიან დიდი მომართვიანობა, რამდენიმე ასეული ათასი ზარი და ამასთან გამკლავებაც ძალიან დიდ რესურსებს საჭიროებს. თუმცა ერთ-ორ დღეში, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებიდან, სიტუაცია სტაბილიზდება. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან ასეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც  მთავრობა უკიდურესი აუცილებლობის გამო იღებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით მოქალაქეთა ავტომობილებით გადაადგილება გარკვეულ დროის მონაკვეთში დაშვებულია, სამუშაო ადგილებზე მისვლისა და სახლში დაბრუნებისთვის, საუბარია დილით, 06:00-დან 08:00 საათათამდე და საღამოს, 18:00-დან 19:00 საათამდე პერიოდებზე.