ლევან დავითაშვილი - გვაქვს შანსი, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ იმგვარად, რომ წყალტუბოს ახალი სიცოცხლე დაუბრუნდეს
ლევან დავითაშვილი - გვაქვს შანსი, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ იმგვარად, რომ წყალტუბოს ახალი სიცოცხლე დაუბრუნდეს

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- მასშტაბური საინვესტიციო პროექტი, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გამოტანას ითვალისწინებს, პრეზენტაციის სახით წყალტუბოში მიწვეულ სტუმრებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. ღონისძიება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

„წყალტუბო არის ჩვენი უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა. სამწუხაროდ, 90-იან წლებში კურორტმა თავისი დიდებულება დაკარგა, ამ პერიოდში ბევრი რამ განადგურდა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და იმგვარად აღვადგინოთ, რაც წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს ნამდვილად დაუბრუნებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის შეფასებით, წყალტუბოს აღდგენის პროექტი სამთავრობო გუნდი კოორდინირებულად მუშაობის შედეგია.

„როგორც ყველამ იცით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო კურორტ წყალტუბოს სრულყოფილად და სრულად აღდგენა და ამაზე სამთავრობო გუნდი მუშაობს ერთსულოვნად, მაღალ დონეზე კოორდინაციით. მსურს მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელიც გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობდა იმისთვის, რომ კურორტის განვითარება იყოს გეგმაზომიერი, ისეთი, რომ შევინარჩუნოთ კურორტის მთავარი ღირებულება და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც წყალტუბოს გააჩნია“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, წყალტუბოს უნიკალური წყლის ლიცენზიის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება გარდამტეხი მომენტი იყო კურორტის სწორად განვითარებისა და წარმატების მისაღწევად.

„წლების განმავლობაში ვერ ვახდენდით იმ შესაძლებლობის ოპტიმალურად გამოყენებას, იმ პოტენციალის სრულად ათვისებას, რომელიც წყალტუბოს კურორტს გააჩნია, რადგან მისი მთავარი რესურსი – სამკურნალო წყალი არ იყო ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. ამიტომ, ვფიქრობ, რადონული წყლის ლიცენზიის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნება გარდამტეხი მომენტია კურორტის სწორად განვითარებისა და წარმატების მისაღწევად და უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით მოვახერხეთ ამ ლიცენზიის დაბრუნება და ეს დღეს თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ ინვესტორისთვის, რომელიც წყალტუბოს კურორტში მოახდენს ინვესტირებას და პროექტებს დააფინანსებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ყველა რესურსი, რაც საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებშია წარმოდგენილი, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ინვესტორისთვის, რომელიც წყალტუბოს განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს.

„კურორტი ისტორიულად იყო განვითარებული მისი მთავარი სტრატეგიული რესურსით – ეს არის რადონით მდინარი წყალი. წყალტუბოს ისტორია მეშვიდე საუკუნიდან არის ცნობილი, ეს არის კურორტი, სადაც ამ დროიდან რადიოაქტიური წყლის სამკურნალო თვისებებს აღიარებდნენ, მე-12-13 საუკუნეში წყალტუბო იყო ძალიან პოპულარული დანიშნულების ადგილი, თუმცა, მე-18 საუკუნიდან უკვე თანამედროვე კურორტის სახით მიმდინარეობს წყალტუბოს განვითარება. მე-20 საუკუნეში ხდება კურორტის იმ პერიოდისთვის ახალი სიცოცხლის დაწყება და დაგეგმვა, სადაც სასტუმროები ამფითეატრის პრინციპით, წრიულად, უნიკალური მცენარეული ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული პარკის გარშემოა განლაგებული. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის წყალტუბოს სიძლიერე და ჩვენ გვსურს, რომ განვავითაროთ მსოფლიო დონის, მრავალფუნქციური, ფართო სეგმენტურ მოგზაურზე გათვლილი, მდგრადი და ინკლუზიური ბალნეოლოგიური კურორტი“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კურორტის აღდგენის გენგეგმის ფარგლებში სახელმწიფოს გასაყიდად გამოაქვს წყალტუბოში მდებარე 14 ობიექტი – ხუთი პრემიუმ კლასის სასტუმრო, ხუთი საშუალო კლასის სასტუმრო და ოთხი სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია. ამასთან, კურორტში დაახლოებით 500 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდება. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა კურორტად იქცეს. პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის განხორციელების შედეგად, წყალტუბო გახდება მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს. წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ დასვენების უმაღლეს ხარისხს, ეკოლოგიას და ბუნების ძეგლებს.