ლევან დავითაშვილი ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და რთველის პროცესში მათი ჩართულობის თაობაზე ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, 2019 წლის რთველი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა, სექტემბერში ხშირი წვიმების გამო, მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჯერ კიდევ დასაბინავებელია.

„შეხვედრამ დაგვანახა, რომ მეტი კომუნიკაციითა და კოორდინაციით, შევძლებთ, ერთად დავძლიოთ გამოწვევები, რომლებიც ამინდმა შეგვიქმნა. ღვინის მწარმოებლებს შევხვდით, რომ კომპანიები მეტად აქტიურად ჩაერთონ რთველის პროცესში. კერძო სექტორმა უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, რათა ბოლო წლების მსგავსად, რთველი წარიმართოს ორგანიზებულად და წარმატებულად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, თავის მხრივ, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბთან მეტი კომუნიკაციით, ყურძნის გადამუშავების პროცესი გააქტიურდება და მევენახეებს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნებათ.

შეხვედრას კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლევან მეხუზლა დაესწრნენ.

წელს რეგიონში 200-250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.