ლევან დავითაშვილი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რთველი 2018-ის საორგანიზაციო საკითხები და ღვინის სექტორის მმართველობის რეფორმის მიმდინარეობა განიხილა.

მინისტრის შეფასებით, გასული წლის მიდგომამ, როდესაც სახელმწიფო აღარ ჩაერია ჩასაბარებელი ყურძნის ფასების დადგენაში, შედეგი გამოიღო და ბაზარმა თავად დაადგინა ფასები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახა დარგის განვითარებაზე. 2018 წლის რთველი ჩაივლის სუბსიდირების გარეშე და სახელმწიფო, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახით, რთველის პროცესში ჩაერთვება ორგანიზების, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის დონეზე.

ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის რეფორმა და მართვის ახალი სისტემა ოფიციალურად წარადგინა. მინისტრის განცხადებით, რეფორმის მიზანია დარგის განვითარება უფრო მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული გახდეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული კომუნიკაცია თითოეულ დარგთან, მათ შორის, მეღვინეობასთან, რომელიც პრიორიტეტულია. მეღვინეობის ინდუსტრია ინვესტორებისთვის საინტერესო გახდა, რაც გასულ წლებში განხორციელებული რეფორმების სისწორეზე მიუთითებს. თუმცა, დარგის განვითარება საჭიროებს ახალ მუხტს და ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი ბევრ მნიშვნელოვან ბაზარზე, მაგრამ ჩვენ გვინდა ახალი დინამიზმის შემოტანა და შესაბამისად, რეფორმების გატარება დარგის მარეგულირებელ სტრუქტურაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს ღვინის სექტორის რეფორმის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი, ატაშე კრისტინა კასელა ესაუბრა.

ღვინის სექტორის რეფორმის მხარდაჭერას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. გასულ წელს FAO-ს ექსპერტების მიერ შემუშავდა ღვინის სექტორის მართვის მოდელი, რომელიც ეფუძნება საჯარო-კერძო პარტნიორობას, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესების თანაბრად წარმოდგენას. რეფორმის მიზანი ღვინის ინდუსტრიის განვითარება და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.