ლევან დავითაშვილი - განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან და შეჯერებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან
ლევან დავითაშვილი - განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან და შეჯერებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რომ საქართველოში გვქონდეს განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით კერძო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმები, რათა ენერგეტიკული პროექტები უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და გარკვეული სახელმწიფო გარანტიები, რათა კერძო სექტორმა რეალურად მოახერხოს ფინანსების მობილიზება და პროექტების განხორციელება,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ენერგეტიკა განსაკუთრებული პრიორიტეტია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში ყველაზე უფრო აქტუალური საკითხია და შესაბამისად, საქართველოს მთავრობაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ენერგეტიკის სფეროს განვითარებას.

„ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი ტემპით განხორციელდეს განახლებადი ენერგეტიკული პროექტები. სწორედ ამიტომ მიმდინარე წლის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები და მექანიზმები, რომელიც დღეს კერძო სექტორს შევთავაზეთ. იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორთან ერთად აქტიური განხილვისა და პოზიციების შეჯერების შედეგად მხარდაჭერის მექანიზმი ამოქმედდება მიმდინარე წელსვე, ამავე წელს მოხდება კონკურენტულ პირობებში პროექტების შერჩევა და უკვე მომავალი წლიდან პროექტების განხორციელება დაიწყება საკმაოდ სწრაფი ტემპით. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამას მხარს უჭერს ევროკავშირიც“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, გასულ კვირას შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის ევროკომისართან ენერგეტიკის დარგში და საქართველოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები ზუსტად, სრულად არის თანხვედრაში ევროპულ პოლიტიკასთან.

ენერგეტიკის ბიზნესსექტორთან  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პოტენციურ ინვესტორებსა და დეველოპერებს განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის პრეზენტაცია წარუდგინა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.