ლევან დავითაშვილი - ევროკავშირის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ეკონომიკური კუთხითაც, გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა, ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის
ლევან დავითაშვილი - ევროკავშირის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ეკონომიკური კუთხითაც, გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა, ჩვენ ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის

ევროკავშირში საქართველოს წევრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ გაცნობიერებულად აღვნიშნეთ და საბოლოოდ კონსტიტუციაშიც დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპაში ინტეგრირება. თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა ნათლად ისაუბრა, ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით მზადყოფნა წევრობისთვის, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ზუსტად აქვს არჩეული გზა როგორც პოლიტიკის, საკანონმდებლო სივრცის დაახლოების, ისე ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის მოამზადებს.

„ეს რეფორმები მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურად. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა, რომელიც, მათ შორის, საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ევროკავშირში წევრობისთვის. ვფიქრობთ, რომ ამას სჭირდება რამდენიმე წელიწადი. ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება კონკრეტული ამოცანების შესრულება, რათა მათ ევროკავშირის წევრობა მიიღონ“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ბევრი მიმართულებით ექნება გამოწვევა.

„ბევრი ქვეყანა, რომელიც გაწევრიანდა ევროკავშირში, საწყის ეტაპზე განიცდიდა გარკვეულ პრობლემას ეკონომიკური კუთხით, რადგან ამას სჭირდებოდა ადაპტაცია. მათ შორის, ბატონმა შალვამ მოიყვანა კონკრეტული მაგალითები, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირში წევრობაზე, ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიზანი და ამოცანა, რომელიც საქართველოს ინტერესებს პასუხობს და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.