ლევან დავითაშვილი ევროკავშირის დროშის დახევაზე - ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტია, პარლამენტმა დააინიცირა ახალი ინიციატივა, რათა უფრო მკაფიო იყოს პასუხი ასეთი ტიპის ვანდალიზმზე
ლევან დავითაშვილი ევროკავშირის დროშის დახევაზე - ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელი ფაქტია, პარლამენტმა დააინიცირა ახალი ინიციატივა, რათა უფრო მკაფიო იყოს პასუხი ასეთი ტიპის ვანდალიზმზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირის დროშის დახევა მიუღებელი ფაქტია და საქართველოს არც ერთი მოქალაქის ღირებულებებს არ ასახავს.

მისივე თქმით, პარლამენტმა უკვე დააინიცირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რათა უფრო მკაფიო იყოს პასუხი ასეთი ტიპის ვანდალიზმზე.

„ეს არის ყოვლად მიუღებელი, აღმაშფოთებელი ფაქტი. ეს არ ასახავს ჩვენი არც ერთი მოქალაქის არც ღირებულებებს და სახელმწიფოსთვის იქნება მიუღებელი. პირადად ჩემთვის არის მიუღებელი, რადგან ჩვენ სტრატეგიული ხაზი გვაქვს ევროპასთან დაახლოების, ევროპასთან თანამშრომლობის და ევროპაში საბოლოო ინტეგრაციის. მაგალითად მეც, როდესაც ვსაუბრობ ჩემს დარგზე, ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება არის ევროპასთან თანამშრომლობით მიღებული. როდესაც გვაქვს იმედები განვითარების, ეს იმედებიც მოდის ევროპიდან, რადგან მხოლოდ ევროპის მხარდაჭერით წარმოგვიდგენია მათ შორის სოფლის მეურნეობის, თუ ეკონომიკის მთლიანად განვითარება. ასე რომ, ამ თანამშრომლობის შეურაცხყოფა არის მიუღებელი, წარმოუდგენელი ფაქტია, მართლა აღმაშფოთებელია, და რაც მთავარია, მკაცრად უნდა დაისაჯონ იმ პირობებში, რა პირობებსაც იძლევა დღეს კანონმდებლობა, თუმცა იცით, რომ პარლამენტმა მათ შორის დააინიცირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რათა უფრო მკაფიო იყოს პასუხი ასეთი ტიპის ვანდალიზმზე“, – განაცხადა ლეევან დავითაშვილმა.

ევროკავშირის დროშა პარლამენტთან 6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს.

ამის შემდეგ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.