ლევან დავითაშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGB) წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, მიმდინარე და სამომავლო რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები გააცნო.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, EUGB მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ქართული ბიზნესის ევროპულ ბაზარზე შეყვანას უწყობს ხელს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ეფექტიანად მოგვარება იმისათვის, რომ ქართულმა ბიზნესმა რეალურად შეძლოს იმ უპირატესობების გამოყენება, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა 2022 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, რომელიც ოთხჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თითქმის ნახევარი – 48.7% შეადგინა.

პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ვიცე-პრემიერმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.