ლევან დავითაშვილი - ენერგეტიკული პროექტების განხილვისას კომპეტენციის პრობლემას ვაწყდებით
ლევან დავითაშვილი - ენერგეტიკული პროექტების განხილვისას კომპეტენციის პრობლემას ვაწყდებით

ენერგეტიკული პროექტების განხილვისას კომპეტენციის პრობლემას ვაწყდებით. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიში განიხილეს, რომელიც მინისტრმა საზოგადოებას დღეს წარუდგინა.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საქართველო ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ წყაროებს ვერ იყენებს, რადგან გარემოს დაცვითი საკითხების გამო ენერგოპროექტები ფერხდება, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას გარკვეულ რისკებს უქმნის.

გადაცემის თანაწამყვანი და კომპანია „გურიელის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაინტერსდა, როგორ უნდა იპოვოს ქვეყანამ წონასწორობის წერტილი ისე, რომ ენერგორესურსებიც აითვისოს და გარემოს საფრთხე არ შეუქმნას.

დავითაშვილის მოსაზრებით, ხშირად ენერგოპროექტები კომპეტენციის ნაკლებობის გამო ფერხდება და არა გარემოს დაცვითი საკითხებით.

„პასუხი იქნება ასეთი, რომ სწორი ბალანსის მოძებნა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და ამოსავალი. დაგეთანხმებით, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც გარემოს დაცვითი თემატიკა. თუმცა ხშირად, როდესაც ენერგეტიკული მათ შორის ჰიდროენერგიის განვითარება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არ არის გარემოს დაცვითი თემატიკიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში ეს იქიდან მოდის, რომ კონკრეტული პროექტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ არის ან თითონ პროექტების მხრიდანაც არ არის გარემოს დაცვითი საკითხები სრულყოფილად შესწავლილი. მე ვფიქრობ, აქ ორი რადიკალური მხარიდან სიმართლე შუალედშია. თუ სწორად შესწავლილი პროექტები გვექნება, თუ გარემოზე ზემოქმედება სწორად იქნება შეფასებული, რა თქმა უნდა ასეთ პროექტს მეტი მხარდაჭერა ექნება. აქ რა თქმა უნდა ჩვენი როლიც არის. მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მეტი ახსნა და ინფორმაციის სწორად მიტანა. როდესაც პოზიციების რადიკალიზაციას ვხედავთ, რა თქმა უნდა მართალი არცერთი მხარე არ არის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა დაინტერესებულია ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვით, თუმცა საინვესტიციო პროექტები გარემოს დაცვით საკითხებს აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს.

„ჩვენ გვინდა ბიზნესი, გვინდა, რა თქმა უნდა, ენერგეტიკაში ინვესტიციები, მაგრამ ეს ინვესტიციები პასუხისმგებლიანი უნდა იყოს, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო მოთხოვნებს, სტანდარტებს, გარემოს დაცვითი საკითხების გათვალისწინებას. როდესაც განახლებად ენერგიაზე ვსაუბრობთ, საქართველო ძალიან მდიდარია განახლებადი ენერგიებით და ეს არ არის მხოლოდ ჰიდროენერგია. ეს არის ქარი და მზის ენერგია, რომელიც ტექნოლოგიურად სულ უფრო ხელმისაწვდომია და საქართველოში არის პოტენციალი. მაგრამ აქაც კომპეტენციის საკითხს ვაწყდებით, როდესაც გვჭირდება კარგად მომზადებული შესწავლა და დოკუმენტაცია იმისთვის, რომ ასეთი პროექტების მხარდამჭერი სამინისტროც იყოს. სამინისტროს, რა თქმა უნდა, ესმის ასეთი პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობა და მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – გარემოს დაცვის საკითხების გათვალისწინებით და შენარჩუნებით“,- განუცხადა ლევან დავითაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.