ლევან დავითაშვილი - Emaar-ის შემოსვლა საქართველოში სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი გზავნილი
Emaar-ი არის ძალიან ცნობილი კომპანია, ბრენდი, სახელი და ასევე გამოცდილი პარტნიორი. მისი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა წაახალისებს მთლიანად სექტორს და ახალ სტანდარტებს შემოიტანს, რაც, ვფიქრობ, დარგის სხვა წარმომადგენლებს გარკვეულწილად მიეხმარება, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები.
მისი შეფასებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერის, Emaar Properties/Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის და სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურისტულ სექტორებში რეკორდულ ინვესტიციას განახორციელებს ექვსი მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. უშუალოდ საამიროებში Emaar Properties-ისა და Eagle Hills-ის მსხვილ პროექტებს განეკუთვნება დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე აბუ-დაბიში, პროექტები Dubai Marina-ს ელიტურ საკურორტო ზონაში და სხვა.