ლევან დავითაშვილი - ელექტროენერგია სულ უფრო მოთხოვნადი იქნება, საქართველო ევროპას კასპიის რეგიონთან დააკავშირებს
ლევან დავითაშვილი - ელექტროენერგია სულ უფრო მოთხოვნადი იქნება, საქართველო ევროპას კასპიის რეგიონთან დააკავშირებს

ელექტროენერგია სულ უფრო მოთხოვნადი იქნება, საქართველო ევროპას კასპიის რეგიონთან დააკავშირებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, საქართველოს ორი მიმართულებით გააჩნია დიდი როლი.

„ერთი ეს არის ის, რომ ჩვენ ჩვენი გენერაციის პროდუქტის პირდაპირი ექსპორტირება მოვახდინოთ ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე, მაღალფასიან ბაზარზე და, შესაბამისად, ჩვენი სექტორის მიზიდულობა გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრი ამას წინადაც საუბრობდა, რამდენად თანამიმდევრულია ზოგადად ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკული პოლიტიკა. წლის დასაწყისიდან განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა ავამოქმედეთ და მთელი წელი სექტორთან ვიმუშავეთ. ჩვენ რამდენიმე ათასი მეგავატის სიმძლავრის პროექტები გვაქვს უკვე მხარდაჭერილი იმ წინასწარი შეთანხმებით. უშუალოდ 2023 წლიდან, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, სახელმწიფოს გარანტიების შედეგად, დეველოპერები და ინვესტორები შეძლებენ დაფინანსების მოზიდვას და ეს პროექტები, რომლებიც ქაღალდზე გვაქვს, რეალურად განხორციელდება. მეორე მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დამატებითი ეკონომიკური სიკეთე, შემოსავალი მივიღოთ იმავე სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით, ისევე როგორც სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც ვახორციელებთ. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ელექტროენერგიის ნეტო ექსპორტიორი, ელექტროენერგია სულ უფრო მოთხოვნადი იქნება, რადგან ეკონომიკების სტრუქტურა იცვლება, მსოფლიოს ელექტროფიკაცია არის უფრო და უფრო აქტუალური და ასევე, საქართველო დააკავშირებს ევროპას კასპიის რეგიონთან, რომელიც არა მხოლოდ ტრადიციული ელექტროპროდუქტების უკვე დამკვიდრებული ექსპორტიორია, არამედ განახლებად ენერგიებშიც აზერბაიჯანსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.