ლევან დავითაშვილი - ეკონომიკური პრობლემების შექმნა იმ პოლიტიკური ძალების ინტერესშია, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკური პრობლემების შექმნა იმ პოლიტიკური ძალების ინტერესშია, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან

ეკონომიკური პრობლემების შექმნა სწორედ იმ პოლიტიკური ძალების ინტერესშია, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების უკან დგანან და დესტრუქციულ პროცესებს ქმნიან ქვეყანაში, საკითხს აყენებენ აბსოლუტურად არასწორად.

„გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ სიტუაცია ისე, რომ რაღაც ალტერნატივები გვაქვს, ერთი მხრივ, ალტერნატივაა ტერიტორიული მთლიანობა და მეორე მხრივ – ბაზრები ან ეკონომიკური კეთილდღეობა. ასე საკითხის დასმა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა და მოდის სწორედ მათი ინტერესიდან, ვისაც ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების შექმნა რეალურად სურდა. ეს ცალსახაა, მათი ერთადერთი ამოცანა და დღის წესრიგი უკავშირდება ეკონომიკური პრობლემების შექმნას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმა მიუღებელია განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, განსხვავებით პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც თვითონაც დიდწილად არიან თანამონაწილეები და პასუხისმგებლები რა სიტუაციაც გვაქვს, მათ შორის ოკუპაციის გაძლიერების“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემები დაიწყო უფრო ადრე, 90-იანი წლებიდან.

„ცალსახაა, მაგრამ გართულებული და გაუარესებული ვითარება ზუსტად მათი მმართველობის პერიოდში მივიღეთ. მათი თანამონაწილეობა, პასუხისმგებლობა ცალსახაა და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაექცევიან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ როდესაც დავიწყეთ საუბარი ბაზრების გახსნაზე, ან სავაჭრო-კომერციული თუ კულტურული კავშირების აღდგენაზე და სხვა ტიპის თანამშრომლობაზე, არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ ყოფილა კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენ ცალსახად თავშივე, როდესაც ეს იყო ზურაბ აბაშიძის ფორმატი, თუ ნებისმიერი სხვა, იგივე ჟენევის მოლაპარაკებები, საერთაშორისო მიღებული ფორმატები, აღვნიშნეთ და ვთქვით, რომ არსებობს წითელი ხაზები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.