ლევან დავითაშვილი - დავოსის შეხვედრები აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რაც ინვესტიციებში აისახება
ლევან დავითაშვილი - დავოსის შეხვედრები აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რაც ინვესტიციებში აისახება

ვფიქრობ, 2023 წელს დავოსში ვიზიტი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამორჩეულად შედეგიანად და საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით, ჩვენთვის, საქართველოსთვის. პროექტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის და ინტერესს იწვევს ინვესტორებისგან, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისგან, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დავოსში გამართულ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შეხვედრებში.

ვიცე-პრემიერმა დავოსის ფორუმი ბიზნესშეხვედრების კუთხით ნაყოფიერად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ შეხვედრები გამართა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე წამყვან კომპანიებთან. მათ წარმომადგენლებთან განიხილეს ამ დარგებში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველოში არსებული მდგომარეობა.

„თითოეულმა კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობის დაინტერესება გამოთქვა. მათ ჩვენ წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული პროექტების და საქართველოს შესახებ, თუმცა პირადი შეხვედრები, ვფიქრობ, განსაკუთრებით სასარგებლოა და აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რაც უკვე ინვესტიციებში აისახება.

ის ამბიციური გეგმები, რომელთა შესახებაც ჩვენ გამოვაცხადეთ და წლის ბოლოს მოსახლეობას ვუთხარით, უკავშირდება განახლებულ სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე ენერგეტიკის სფეროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უფრო მეტი უცხოური კომპანიის საქართველოში მოღვაწეობას, რაც, ვფიქრობ, დავოსის შეხვედრების შედეგად, კიდევ უფრო ხელშესახები იქნება და გააქტიურდება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.