ლევან დავითაშვილი - დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება
ლევან დავითაშვილი - დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება

ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაში სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარების გზები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში, სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სამინისტროსა და მეცნიერებს შორის აქტიური თანამშრომლობა, ექსპერტული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან; ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა დარგობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, მეცნიერებმა დღეისათვის დარგში არსებულ გამოწვევებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა მინისტრს დარგის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნეს. საუბარი შეეხო ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის, დარგობრივი პროგრამების და აგროსასურსათო სექტორის ყველა რგოლის განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.