ლევან დავითაშვილი - „დანერგე მომავალი“ არსებული ბაღების მოდერნიზებასაც ითვალისწინებს
ლევან დავითაშვილი - „დანერგე მომავალი“ არსებული ბაღების მოდერნიზებასაც ითვალისწინებს

სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც აქამდე ახალი ბაღების გაშენებაზე იყო ორიენტირებული, არსებული ბაღების მოდერნიზებასაც დააფინანსებს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის თანაწამყვანი და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე დაინტერსდა, როგორ აპირებს სახელმწიფო არსებული ბაღების მოდერნიზების ხელშეწყობას. მინისტრის განმარტებით, არსებული ბაღების ხელშეწყობა აქამდე დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა, თუმცა ეს პროგრამა დასრულდა და ამიერიდან არსებული ბაღების მოდერნიზების თანადაფინანსებაც „დანერგე მომავლის“ ფარგლებში მოხდება.

„დანერგე მომავალი იყო ე.წ. სტარტაფების პროგრამა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი ბაღებისა და პლანტაციების გაშენებას ითვალისწინებდა. მონტაჟდებოდა ახალი სარწყავი სისტემები, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები და სხვა საშუალებები, რომელიც გარემოს ზემოქმედებას ამცირებს და პროდუქტიულობას ზრდის. თუმცა ჩვენ გვაქვს დონორული დაფინანსების პროგრამა არსებული ბაღების მოდერნიზაციის კუთხით. ეს პროგრამა დასრულდა, დონორთა დაფინანსება გამოილია, ამიტომ უკვე „დანერგე მომავალი“ აერთიანებს იმ პროგრამის ელემენტებსაც. ეს არის ზოგადად მრავალწლიანი კულტურების განვითარების კომპლექსური პროგრამა, სადაც ეს (არსებული ბაღების) საკითხიც გათვალისწინებულია. უკვე არსებულ ბაღებშიც შეუძლიათ მოდერნიზება, თანამედროვე სარწყავი თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟება“, – განმარტა მინისტრმა.