ლევან დავითაშვილი - დამოუკიდებლობა ის უმნიშვნელოვანესი საფუძველია, რაც ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას განსაზღვრავს
ლევან დავითაშვილი - დამოუკიდებლობა ის უმნიშვნელოვანესი საფუძველია, რაც ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას განსაზღვრავს

დამოუკიდებლობა ის უმნიშვნელოვანესი საფუძველია, რაც ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას განსაზღვრავს – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც სამინისტრო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.

„მინდა, სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ეროვნული დღესასწაული ზუსტად ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. დამოუკიდებლობა ის უმნიშვნელოვანესი საფუძველია, რაც ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობას განსაზღვრავს და განსაკუთრებული დღეა.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეს დღესასწაული სრულიად სახალხოა და სადღესასწაულო ღონისძიებებში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს“,- განაცხადა დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, სამინისტროს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოწყობილი აქვს სტენდზე ორი განსხვავებული კუთხე – მწვანე სივრცესა და ღვინის კუთხე. მწვანე სივრცის კონცეფცია გარემოსდაცვით განათლებასა და ცოდნის გაზიარებას ეფუძნება და აერთიანებს შემეცნებით, საინფორმაციო და გასართობ სივრცეებს.

სტენდის სტუმრებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით აქტივობებში, თამაშებსა და ვიქტორინებში, გაეცნონ გარემოს დაცვის თემატიკაზე შექმნილ ინსტალაციებსა და კონსტრუქციებს.

სტენდის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახის ქართული ღვინო. 17:10 სთ-ზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ჰიმნი შესრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე ეროვნულ ჰიმნს სმენადაქვეითებული მუსიკოსებისგან შემდგარი გუნდი ჟესტების ენაზე შეასრულებს.