ლევან დავითაშვილი - დაცული ტერიტორიებისთვის იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანას
ლევან დავითაშვილი - დაცული ტერიტორიებისთვის იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე დაცული ტერიტორიების მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შეტანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რაც დასაბუთდა.

დავითაშვილი ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

„ჩვენ, ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია იუნესკო-ში ქართული ბუნების, ამ მნიშვნელოვანი ძეგლის დაცულ სიაში შეტანა. იუნესკო-შია დაცული მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლი, ისეთები, როგორებიც არის ზემო სვანეთი, მცხეთის ძეგლები, ბაგრატის ტაძარი და პირველად ჩვენს ისტორიაში, სამხრეთ კავკასიაში მთლიანად ქართული ბუნების უნიკალური ნაწილი იუნესკო-ს მემკვიდრეობად იქნა აღიარებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა თითოეული მოქალაქისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოს მოქალაქეებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გადაწყვეტილების გულშემატკივარი იყო, მივულოცო ეს დიდი წარმატება, აღიარება, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ზოგადად, კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამას რა თქმა უნდა, სჭირდებოდა დასაბუთება და სამინისტრო ოფიციალურად ამ ნომინაციაზე 2019 წლიდან მუშაობდა. თუმცა მუშაობა ამ მიმართულებით რამდენიმე წლის წინ დაიწყო, სადაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი იყო ჩართული. მას რა თქმა უნდა, მხარს უჭერდა ბევრი ჩვენი დონორი პარტნიორი ორგანიზაცია, ისეთი როგორიც არის გერმანიის მთავრობა, რომელიც მუდამ მხარს გვიჭერს დაცული ტერიტორიების სწორად მართვისა და შენარჩუნებისათვის. ისეთი, როგორიც არის აშშ-ის, ევროკავშირის მხარდაჭერა, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და თანამშრომლობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საბოლოოდ ჩვენ ამ წარმატებისათვის მიგვეღწია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებით საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე, რაც ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას უწყობს ხელს.

დავითაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ტურიზმის განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი იქნება.

„ეს დღე ჩვენთვის, ყველასთვის ამაღელვებელია, რადგან საქართველოს ეს უნიკალური ბუნება, გამორჩეული ბიომრავალფეროვნება, სადაც 1 000-ზე მეტი მცენარის სახეობაა შენარჩუნებული და ძალიან ბევრი, 500-ზე მეტი ფაუნის სახეობაა წარმოდგენილი კოლხეთის ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებში, აი, ამ ოთხ დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ზღვის დონიდან 2 500 მეტრ სიმაღლემდე ფაქტობრივად კოლხური ბუნების მთლიან მრავალფეროვნებას მოიცავს თავის თავში, არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, ის არის მსოფლიო კუთვნილება. რა თქმა უნდა, საქართველო ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე. ეს საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას უწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე უნდა ვიზრუნოთ. როგორც წესი, ასეთი უნიკალური ძეგლები მოსახლეობით დასახლებულ ადგილებში არ არის ხოლმე წარმოდგენილი, ძალიან შორეულ კუნძულებზეა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არის ჰარმონიაში იმ დიდ ქალაქებთან და დასახლებებთან, როგორიც არის ფოთი, ქობულეთი, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები და ბუნების შენარჩუნება, დაცვა, ბუნებაზე ზრუნვა, ამავდროულად სწორად განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ჩვენიც, სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის. უნიკალური შესაძლებლობებია ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომ მათ მეტი შემოსავალი მიიღონ, მეტი ეკონომიკა შექმნან, რადგან უნიკალური შესაძლებლობაა, მათ შორის ტურიზმის განვითარებისთვის. საქართველო, რა თქმა უნდა, მეტად მიმზიდველი იქნება ტურიზმისთვის. ჩვენ გვესმის, რომ ტურიზმის ზუსტად ეკოტურისტული მიმართულებები უფრო და უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება ბოლო წლებში, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. ამას რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი, სამინისტრო მუდმივად მუშაობს ეკოტურისტული სერვისების განვითარებაზე და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაცულ ტერიტორიებში. ჩვენ მილიონზე მეტი ვიზიტორი გვყავდა 2019 წელს, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ არ იყო დედამიწაზე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წლებში არათუ აღვადგენთ იმ რიცხვებს, რომელიც გვქონდა ეკოტურიზმის მიმართულებით, არამედ ჩვენი მიზანია, რომ შემდეგი წლების განმავლობაში 8 მლნ ვიზიტორი ჰყავდეს დაცულ ტერიტორიებს მთელი საქართველოს მასშტაბით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს.