ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა კახეთში ფერმერებსა და სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან
ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა კახეთში ფერმერებსა და სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კახეთში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს ხვდებიან.

შეხვედრა გურჯაანში, კულტურის ცენტრში მიმდინარეობს, სადაც სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ. შეხვედრას ესწრება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილიც.

უწყებების ხელმძღვანელებმა ბოლო დროს ტურისტული პოტენციალის მზარდ განვითარებასა და უსაფრთხო ქვეყნის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრეს.

„ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა და ჩვენთვის, როგორც სხვა ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდან შემოსული ტურისტი პატივსაცემია. ქვეყანაში უცხოელებს ჩვენი სამზარეულო და ღვინო იზიდავთ. ამის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობს. უნიკალური, მზარდი და უსაფრთხო ადგილია საქართველო, ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი კი, სწორედ კახეთია“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ასევე აგროტურიზმი სხვადასხვა მიმართულებით. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ატმის რეალიზაციის პრობლემა შეექმნებათ ფერმერებს, სახელმწიფო მზად არის, საკითხის მოგვარებაში მყისიერად ჩაერთოს.

„ახლა მარცვლეულის, ხილის და მრავალწლიანი კულტურის აღება მიმდინარეობს, ინტენსიურ რეჟიმში ვართ. ატმის რეალიზაციის პრობლემა როგორც ვიცი არ არის, თუმცა თუ რამე საკითხი მოუგვარებელია მზად ვართ, დაგეხმაროთ. წინ გველოდება რთველი, რომელიც ყველაზე მასშტაბური კამპანიაა ამ რეგიონისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს აგროტურიზმი, ღვინის და კულინარიული ტურიზმი ძალიან განვითარდა და კახეთი ამ თვალსაზრისით საკმაოდ მოთხოვნადია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თავის მხრივ, მევენახეებმა მინისტრებს მოსავლის აღებისა და შემდგომში მისი რეალიზაციის პროცესში დახმარება სთხოვეს.

,,მას შემდეგ, რაც მევენახეობა განვავითარეთ, ავიღეთ სესხები ტურიზმის განვითარებისთვის, ავაშენეთ მარნები, კახეთში არც ერთი გოჯი მიწა არაა დაუმუშავებლად დარჩენილი. აწყობილი ეკონომიკა იყო და ახლა ინგრევა, 10- 15 „ნაციონალის“ გულისთვის, რატომ უნდა ჩავვარდეთ ამ მდგომარეობაში. წინ გვაქვს კიდევ რთველი, სად წავიღოთ ამდენი ყურძენი? ჩვენი თხოვნაცაა და მოთხოვნაც, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან დიალოგი შეძლოს და დაალაგოს ეს საკითხი“, – განაცხადა ყვარლელმა ფერმერმა, მიხეილ მანისაშვილმა.