ლევან დავითაშვილი - ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა
ლევან დავითაშვილი - ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მოქალაქეებს საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

დავითაშვილის თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა.

„სწორად იყო პრემიერის მიერ აღნიშნული ის ფაქტი, რომ საქართველოს უნიკალური ბუნება იუნესკო-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის. ეს არის საერთაშორისო აღიარება;

საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რომელსაც უნიკალური ბუნება აქვს, რაც არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, რაც იუნესკო-მ დაადასტურა.

2019 წლიდან დავიწყეთ ამ ნომინაციაზე მუშაობა. ჩვენს სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელიც მუშაობდა იუნესკო-სთან, და საბოლოოდ, დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.