ლევან დავითაშვილი - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან, მან დაახლოებით 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
ეკონომიკური აქტივობები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო წარმოდგენილი, არის უნივერსალური და ეხება, ფაქტობრივად, ეკონომიკის ყველა დარგს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, სოფლის მეურნეობის გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს, – აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.
მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი სტიმულირების ნაწილი, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის გაცოცხლებისა და გაჯანსაღებისთვის. დავითაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი, თუმცა სპეციფიკური.
„ფერმერული საქმიანობა თავის თავში მოიცავს მნიშვნელოვან რისკებს, რაც დიდწილად უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებს, კლიმატს. შესაბამისად, სპეციფიკურია სახელმწიფოს პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მიმართ და ფერმერების დახმარების პაკეტიც განსხვავდება, კომპლექსურია და მოიცავს საკრედიტო ინსტრუმენტებს, საგრანტო დახმარებას, მოიცავს პირადაპირ დახმარებას აგროდიზელის სახით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმოების ინსტრუმენტია, ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარებისა და ცოდნის კომპონენტი.
როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაზე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შესახებ. 2013 წელს, სოფლის მეურნეობა გამოცხადდა პრიორიტეტულ მიმართულებად. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ უპრეცედენტოდ დიდი დახმარება მიიღო ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მან დაახლოებით 200 მლნ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ეს იყო, პრაქტიკულად, გარდამტეხი მომენტი სოფლის მეურნეობაში. ჩვენი მოსახლეობის სოფლის მეურნეობისკენ და სოფლისკენ მიბრუნება სწორედ ამ სტიმულმა გამოიწვია. ამის შემდეგომ ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია და ორიენტირებულია კერძო მეურნეობების განვითარებაზე“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.
მისივე თქმით, პირველად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განისაზღვრა სოფლის მეურნეობის კერძო სექტორის დახმარების სრულყოფილი პაკეტი, რომელიც გულისხმობდა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის დახმარებას და ამას თანმიმდევრულად ვახორციელებდით წლების განმავლობაში.
„თანმიმდევრულობის შედეგად, ჩვენ შარშან უპრეცედენტოდ მაღალი, დაახლოებით, ერთი მლრდ დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განვახორციელეთ. ჩვენ შევამცირეთ ასევე დეფიციტი, რომლიც გვქონდა აგროსასურსათო პროდუქტების ვაჭრობაში; დაახლოებით 900 მლნ დოლარის უარყოფითი ბალანსი გვქონდა 2012-2013 წლებში და ჩვენ ეს ბალანსი დაახლოებით 300 მლნ დოლარამდე დავიყვანეთ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში წლიდან წლამდე იზრდებოდა ტურისტული ნაკადი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.