ლევან დავითაშვილი - ჩვენს მიერ გაკეთებული საქმის მოსახლეობამდე სწორედ მიტანა უნდა მოვახერხოთ, რათა აღქმები ადეკვატური იყოს
ლევან დავითაშვილი - ჩვენს მიერ გაკეთებული საქმის მოსახლეობამდე სწორედ მიტანა უნდა მოვახერხოთ, რათა აღქმები ადეკვატური იყოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევებში ცდომილება ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა.

ამასთან, მისი თქმით, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მის მიერ შესრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებამდე სწორად მიიტანოს.

„მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაი“ არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ვფიქრობ, ბოლო წლებში ცდომილებები არის დამკვიდრებული პრაქტიკა.

აქ არის ორი საკითხი: ერთი – ცალსახად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი გაკეთებული საქმის სწორედ მიტანა მოვახერხოთ მოსახლეობამდე, რათა აღქმები იყოს ადეკვატური. ეს არ არის მარტივი გამოწვევა, იცით რომ კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში, არსებობენ ძალები, რომელებიც იქნებიან დაინტერესებული საწინააღმდეგოში; მეორე  – „ენდიაის“ კვლევებში ცდომილება ძალიან ბევრჯერ და ძალიან ხშირად დამტკიცდა. წინა წლებშიც, მათი შეფასებები არ გამართლდა რეალურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ „ენდიაი“ არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, ვფიქრობ, ბოლო წლებში ცდომილებები არის დამკვიდრებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ამ სუბიექტურ ფაქტორზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 პროცენტი კი, დადებითად.