ლევან დავითაშვილი - შევძლებთ, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის, „ბორჯომის“ წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ
ლევან დავითაშვილი - შევძლებთ, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის, „ბორჯომის“ წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ

საქართველოს მთავრობის მიერ კომპანია „IDS ბორჯომის“ ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილი ინფორმაციით, აქციების გადანაწილების ახალი სქემის თანახმად, სახელმწიფოს კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება შეუძლია.

„ჩვენ ვახდენთ ორი დოკუმენტისგან შემდგარ გარიგებას – ეს არის კომპანია ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული, „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქციის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება. მეორე გარიგების მიხედვით რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის, პარტნიორთა შეთანხმებაში. აქედან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით და ერთი დამკვირვებელი დირექტორით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, შემდგომი კომპანიის აქციონერთა სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრება: ERASMONY LIMITED იქნება აქციების 49.99%-ის მფლობელი; მეორე მსხვილი აქციონერი არის კომპანია Black Waters Limited აქციების 38.48%-ით. საქართველოს სახელმწიფო ფლობს აქციების 7.73%-ს და ასევე კომპანიას ჰყავს მინორიტარი აქციონერები – 3.79%-ს ფლობენ „ბორჯომის“ ყოფილი თანამშრომლები და სხვადასხვა აქციონერი.

მინისტრის განმარტებით, ამავე დროს, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე იქნება დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და ექნება წარმმართველი როლი.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შესაბამისად, ორი დირექტორი ეყოლება ERASMONY LIMITED-ს, ორი დირექტორი მეორე მსხვილ აქციონერს – Black Water Limited-ს და ერთი, გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე აქციონერია დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, რომელსაც წარმოადგენს სახელმწიფო.

ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს შეუძლია კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება, ამასთან, შესაძლებელია, რომ მეორე, არასანქცირებული აქციონერების ჯგუფმა მმართველობის კუთხით მოახდინოს დელეგირება სახელმწიფოს წარმომადგენელზე, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებით და სახელმწიფომ სრულად შეძლოს კომპანიის მმართველობა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, „ბორჯომის“ აქციების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტრო, რათა მიღწეული ყოფილიყო მთავარი მიზანი – „ბორჯომს“ შეძლებოდა სრულფასოვანი საქმიანობა, რაც დადასტურებულია კრედიტორი ბანკების მხრიდან.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე გვქონდა კომუნიკაცია ჩვენს ყველა საერთაშორისო და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, საელჩოებთან, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებებით მივიღოთ ის, რასაც ვგეგმავთ – ერთი მხრივ, კომპანია „ბორჯომის“ ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და მეორე მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს არ ჰქონდეს ისეთი ვალდებულებები, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების შექმნა გამოეწვია. ასე რომ, სრულფასოვანი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში, რომელიც მოგვეცა, რათა კომპანია გადაგვერჩინა, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ, საქართველოსთვის ერთ-ერთი თუ არა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ასევე ვუპასუხოთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, რომელიც საკმაოდ დაზიანდა სანქციების შემოღებიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.