ლევან დავითაშვილი - ჩინეთიდან პროდუქტების შემოტანაზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით ვიმოქმედებთ, ამ ეტაპზე, ცოცხალი ცხოველების იმპორტი შეიზღუდა
ლევან დავითაშვილი - ჩინეთიდან პროდუქტების შემოტანაზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით ვიმოქმედებთ, ამ ეტაპზე, ცოცხალი ცხოველების იმპორტი შეიზღუდა

რეკომენდაციების შესაბამისად, ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი შევზღუდეთ, სხვა სასურსათო პროდუქტი, ამ შემთხვევაში რისკჯგუფს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა ჩინეთიდან პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ.

მინისტრი განმარტავს, რომ საქართველო ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო კონვენციების შესრულებაზე, მათ შორის რისკების შეფასებაზე.

„ჩვენ საქართველოში სამეცნიერო კვლევით ცენტრში რისკების შეფასების ჯგუფიც გვყავს. შესაბამისად, სრულად ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გამოსცემენ. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ რეკომენდაციების შესაბამისად, ამ ეტაპზე გვაქვს შეზღუდვა ცოცხალი ცხოველის შემოტანაზე საქართველოში. რაც შეეხება სხვა სასურსათო პროდუქტს, ის ამ შემთხვევაში რისკჯგუფს არ შეადგენს. ამიტომ საქართველო დააკვირდება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა.