ლევან დავითაშვილი „ბრიტიშ ეარვეისის“ ავიამიმართულებების განვითარების დირექტორსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანური ავიაკომპანიის, „ბრიტიშ ეარვეისის“ ავიამიმართულებების განვითარების დირექტორს, რეიჩელ რაილის, ქსელის დაგეგმარების უფროს მენეჯერს, სემ ქეპრონს და ავიაკომპანიის სხვა პასუხისმგებელ პირებს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბრიტანეთის ფლაგმანური ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის მნიშვნელობას. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ჩვენს ქვეყანას და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს და განსაკუთრებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ტურიზმსა და ავიაციაში.
„საქართველოს ავიაციის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ერთი-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ცნობილი ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე მრავალი წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ დაბრუნდა უკვე გრძელვადიანი გეგმებით, რომელიც მთავრობასთან ერთად არის კოორდინირებული. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბრიტიშ ეარვეისის“ საქართველოში შემოსვლა, რადგან ლონდონთან, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება ფრენები, რაც, ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, ასევე შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტი ინვესტორი ჩამოვიდეს ქვეყანაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო, აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსაყვანად.
„გავაფორმეთ რამდენიმეწლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ტურიზმის განვითარებას, ახალი ნაკადების შემოყვანას, ასევე, ზოგადად, მობილობის ზრდას, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფლაგმანური ავიაკომპანიის, „ბრიტიშ ეარვეისის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.