ლევან დავითაშვილი - ბოლო რვა წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში განხორციელდა 700 მილიონი ლარის სახელმწიფო ინვესტიცია, რამაც კერძო სექტორიდან, დამატებით, ოთხ მილიარდამდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა უზრუნველყო
ლევან დავითაშვილი - ბოლო რვა წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში განხორციელდა 700 მილიონი ლარის სახელმწიფო ინვესტიცია, რამაც კერძო სექტორიდან, დამატებით, ოთხ მილიარდამდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა უზრუნველყო

ბოლო რვა წლის განმავლობაში, დარგში განხორციელდა 700 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია, რამაც უზრუნველყო კერძო სექტორიდან, დამატებით, ოთხ მლრდ-მდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა,  ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლამდე, ქვეყანაში არ არსებობდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა; 2012-2020 წლებში, დარგისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა.

„მთავრობის ძალისხმევით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით, აგროსასურსათო სექტორის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მივიღეთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს მუდმივად მზარდი სტატისტიკა. 2020 წლის პირობებშიც კი, მიუხედავად პანდემიისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გვქონდა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები. 2020 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის გამოშვებამ ექვსი მლრდ ლარს გადააჭარბა, 12%-ით გაიზარდა დამატებითი ღირებულება, რაც სტრატეგიებზე დაფუძნებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ბოლო რვა წლის განმავლობაში, დარგში განხორციელდა 700 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია, რამაც უზრუნველყო კერძო სექტორიდან, დამატებით, ოთხ მლრდ-მდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა.

სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები ფარავს სოფლის მეურნეობის წარმოების ყველა რგოლს, როგორც პირველად წარმოებას, ისე გადამმუშავებელ მიმართულებას; მოიცავს, როგორც საკრედიტო, ასევე საგრანტო კომპონენტს და უზრუნველყოფს მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვას. მაგალითად, მრავალწლოვანი კულტურების განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, თანამედროვე ინტენსიური ბაღები გაშენდა 11,421 ჰექტარ მიწის ფართობზე, სახელმწიფოს ინვესტიციამ 80 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამური ინვესტიციის მესამედია, ჯამური ინვესტიცია კი, 140 მილიონ ლარს აჭარბებს.

ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას სამელიორაციო სისტემის მოწესრიგებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბდა მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის მიმართულებით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.