ლევან დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, კანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება, ეწოდოს ოლიგარქი
ლევან დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, კანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება, ეწოდოს ოლიგარქი

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად პროგრესი ნამდვილად არსებობს. მისივე თქმით, 12-ვე პუნქტი მაღალ დონზე შესრულდება.

„12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესი ნამდვილად არსებობს. ზუსტად გავეცანი იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც არსებობს პარლამენტში. 12 პუნქტის ძირითადი საკითხების, პრიორიტეტების შესრულებისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. შესაბამისად, საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული როგორც პარლამენტის კომიტეტები, ისე მთლიანად პოლიტიკური სპექტრი. რა თქმა უნდა, ოპოზიციაც სხვადასხვა დოზით არის ჩართული – ზოგი განხილვების, ზოგი, უბრალოდ, საკომიტეტო მოსმენების დონეზე. დარწმუნებული ვარ, 12-ვე პუნქტი შესრულდება მაღალ დონზე, შეჯერებული იქნება საერთაშორისო საზოგადოებასთან, პარტნიორებთან. კონკრეტული საკითხების შეჯერებისთვის, მიღებისთვის საჭიროა კონკრეტული კომპეტენტური ორგანიზაციების დასკვნა, რაც ევროკავშირისთვის იქნება მნიშვნელოვანი. იქნება ეს ვენეციის კომისია თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორები, მათთან ერთად ხდება ამ პრიორიტეტების განხილვა, შეჯერება და საბოლოოდ საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. საქართველო დათქმულ ვადებში ამ პუნქტებს შეასრულებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე პროგრესი 2023 წელს გაგრძელდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კითხვაზე, „დეოლიგარქიზაცია არის მთავარი მოთხოვნა. თქვენც მიგაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი“, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ოლიგარქი არ არის. კანონში ძალიან მკაფიოდ იქნება ოლიგარქის განმარტება და კანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება ეწოდოს ოლიგარქი. შესაბამისად, აღსრულების მექანიზმებიც იქნება კანონში წარმოდგენილი. ასე რომ, დაველოდოთ პროცესს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.