ლევან დავითაშვილი - მრავალი წლის შემდეგ პირველად მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში, ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება
ლევან დავითაშვილი - მრავალი წლის შემდეგ პირველად მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში, ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება

მრავალი წლის შემდეგ პირველად მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში, გეგმაშია ასევე არაერთი პროექტის მიღება და, შედეგად, ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება. მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს, ტენდენცია და ტრენდი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავითაშვილის განცხადებით, ზოგადად, ენერგეტიკულ პროექტზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი – ეკონომიკური და გარემოსდაცვითი.

„ჩვენ ეკონომიკურ ნაწილში შემოვიღეთ მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც კარგად მუშაობს და რეზონანსი არის დადებითი როგორც ინვესტორების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენეთ, მაღალი კონკურენციის პირობებში როგორ უნდა სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედება და სექტორის მხარდაჭერა. ახლა მეორე აუქციონს ვაცხადებთ და ამ პერიოდშიც ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს კერძო სექტორთან, რათა მათი შენიშვნები, მოსაზრებები მაქსიმალურად ავსახოთ და ენერგეტიკული სექტორის პრიორიტეტები გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის მიუხედავად, ყველა ენერგოპროექტი ვერ განხორციელდება სოციალური და გარემოსდაცვითი გარემოებების გამო. მისივე თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით პროექტის განხორციელება შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, მაგრამ არსებობდეს პრობლემა გარემოსდაცვითი ფაქტორების გამო.

ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა „კამარა ჰესთან“ დაკავშირებითაც, სადაც, მისი თქმით, ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დიალოგის პროცესი მიმდინარეობს.

„იმ შემთხვევაში, თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა, პროექტი განხორციელდება. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ინვესტორის პასუხისმგებლობა. ინვესტორმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, მიეღო მონაწილეობა კონკურსში, ფასისმიერი მხარდაჭერა და, შესაბამისად, ეკონომიკური მდგომარეობა გაიმყარა. როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობაზე, ასეთ დროს კომპლექსურად ბევრი საკითხი განიხილება – ეს არის სოციალური თემები, კომპენსაციისა და ეკონომიკური საკითხები და ასე შემდეგ. ინვესტორი თუ ფიქრობს, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია, მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მიიღოს მხარდაჭერა, ამას მივესალმებით, თუმცა ჰესი აშენდება იმ შემთხვევაში, როდესაც შედგება კონსენსუსი. ეს შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვევას.

ამ პერიოდის განმავლობაში შედგა არაერთი კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა განახლებადი ენერგიების ასოციაციასთან, კერძო სექტორთან, დონორებთან, ამ შემთხვევაში, USAID-თან, რათა თანმიმდევრული ყოფილიყო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, აგვეხსნა ენერგოდამოუკიდებლობის როლი, საკუთარი გენერაციის მნიშვნელობა. დღევანდელ დღეს ენერგეტიკულ პროექტებზე ზოგადი განწყობები რადიკალურად განსხვავებულია, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკული პროექტებისადმი საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის კუთხით“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.