ლევან დავითაშვილი - აზერბაიჯანიდან საქართველოს ეკონომიკაში თითქმის სამი მილიარდი დოლარია განხორციელებული, გვაქვს თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები და შეიძლება დამატებითი ინვესტიციები
აზერბაიჯანი ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მეტი მიმართულებით გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობა. ეს ეხება არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს, სადაც აზერბაიჯანი პარტნიორებს შორის პირველ ათეულში შედის, არამედ ეს არის ბევრი სხვა ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც მოიცავს ტურიზმის სექტორს, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროს მიმართულებით აქვს, დღეს კი ბაქოში რიგით მე-10 მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდა.
„კომისიის ფარგლებში საუბარი შეეხო თანამშრომლობის ყველა მიმართულებას, საუბარი იყო ასევე კონკრეტულ პროექტებზე, მათ შორის იმ შედეგებზე, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში იყო. თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს დადებითი დინამიკა. ჩვენ გვაქვს საერთო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ზრდის, ასევე ოპტიმიზაციის კუთხით დიდი პერსპექტივა გააჩნია. ჩვენ ერთობლივად ვმონაწილეობთ განახლებადი ენერგეტიკული, ე.წ. მწვანე სამხრეთ-კავკასიური დერეფნის მშენებლობაში. ეს ახალი, სტრატეგიული, მრავალწლიანი თანამშრომლობის მიმართულებაა, სადაც ასევე გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი მომავალ წლებში. ამაზეც დეტალურად ვისაუბრეთ. ორივე ქვეყანა აქტიურად მუშაობს ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებითაც, საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც აქვთ დიდი პოტენციალი, რომ ქვეყნები გადაიქცნენ რეალურ ციფრულ ჰაბად და ეს დაეხმაროს არა მხოლოდ ეკონომიკის ამ კონკრეტული მიმართულებების განვითარებას, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების ციფრულ ტრანსფორმაციას და განვითარებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ინვესტიციებს.
„პირდაპირი ინვესტიციების კუთხით, აზერბაიჯანიდან საქართველოს ეკონომიკაში თითქმის სამი მილიარდი დოლარია განხორციელებული. ესეც დივერსიფიცირებულია სხვადასხვა სფეროში და ჩვენ, რა თქმა უნდა, კომისიის ფარგლებში, შევეხეთ კონკრეტულ პროექტებს, სადაც გვაქვს თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები და შეიძლება ერთობლივი საწარმოების გაკეთება, დამატებითი ინვესტიციები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.