ლევან დავითაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
ლევან დავითაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

როგორც აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში იმართება მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრები საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

„აღსანიშნავია ვიცე-პრემიერის შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან (USTR) ქეთრინ თაისთან. მსგავსი მაღალი დონის პოზიტიური შეხვედრა, რომელზეც წლებია ვმუშაობთ, ხაზს უსვამს საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ორმხრივი სავაჭრო რეჟიმის გაუმჯობესების აუცილებლობას. საქართველოსა და აშშ-ის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ნაზავი და აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებებს. ვიცე-პრემიერს ჰქონდა ფართო და ყოვლისმომცველი საუბარი აშშ – ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან სკოტ ნათანთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია – Development Finance Corporation -(DFC), გააგრძელებს საქართველოში ისეთი დარგების მხარდაჭერას, როგორიცაა საფინანსო სექტორი, ტურიზმი, ჯანდაცვა, წარმოება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა. ამჟამად, ორგანიზაცია საქართველოში 12 მოქმედ პროექტს ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება 188 მლნ აშშ დოლარია. ჯამში კი სააგენტომ საქართველოში 750 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია განახორციელა. DFC-ის უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. ამ კონტექსტში, DFC-ის მიერ რეგიონული ოფისის ჩვენს დედაქალაქში გახსნა იქნება ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის ნათელი გზავნილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, დღის ბოლოს, ვიცე-პრემიერი შეხვდა აშშ-ის ექსპორტისა და იმპორტის ბანკის (EXIM Bank) ვიცე პრეზიდენტს ჯუდიტ პრაიორს. აღნიშნულ შეხვედრაზე გამოითქვა ქართული მხარის მკაფიო სურვილი, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ამერიკული კომპანია იყოს წარმოდგენილი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მთელი რიგი დარგებისა, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ბიზნეს – კავშირების გაღრმავებას. ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი შეხვედრებს გამართავს კონგრესში და მონაწილეობას მიღებს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელიც საქართველო-აშშ-ის შორის კომერციული და სავაჭრო თანამშრომლობის განვითარებას ეხება.