ლევან დავითაშვილი - არ ვამბობთ, რომ სურსათზე ფასები არ გაიზარდა, თუმცა შემდეგ თვეებში ძირითად აგროსასურსათო პროდუქტებზე ფასები კლებადი ტენდენციის მქონეა
ლევან დავითაშვილი - არ ვამბობთ, რომ სურსათზე ფასები არ გაიზარდა, თუმცა შემდეგ თვეებში ძირითად აგროსასურსათო პროდუქტებზე ფასები კლებადი ტენდენციის მქონეა

ჩვენ არ ვამბობთ, რომ სურსათზე ფასები არ გაიზარდა, გაიზარდა და ეს ინფლაციაში მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, თუმცა შემდეგ თვეებში ძირითად აგროსასურსათო პროდუქტებზე ფასები კლებადი ტენდენციის მქონეა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„თუმცა, როგორც საერთაშორისო ტენდენციებს ვუყურებთ, გრძელვადიან და უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში, შემდეგ თვეებში აგროსასურსათო ძირითად პროდუქტებზე ფასები კლებადი ტენდენციის მქონეა. მათ შორის, ეს უკავშირდება შაქარს და ჩვენ დავინახეთ, რომ „ფაოს“ შაქრის ინდექსი ფაქტობრივად მინიმუმზეა დასული; ჩვენ დავინახეთ, რომ მაკარონის და ზეთის ფასი მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებულია და აქ არ გვქონდა დიდი ზრდა. თუმცა, მნიშვნელოვანი საფასო ზრდა დავინახეთ ზოგიერთ პროდუქტზე, როგორიც არის იგივე წიწიბურა, რომელიც უბრალოდ, დეფიციტური იყო და რეგიონში სავაჭრო შეზღუდვები არსებობდა“, – განაცხადა დავითაშვილმა. 

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს და ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

„სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, საქართველოში პურის ფასი გარანტირებულად არის დაცული. ჩვენ შევქმენით მექანიზმი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, ფასები ნაკლებად გაზრდილიყო, მოსახლეობისთვის სოციალური წნეხი ნაკლები ყოფილიყო და ამავე დროს, შეგვექმნა დამატებითი წინაპირობა, რომ მარაგები შექმნილიყო და არ ყოფილიყო ფიზიკური დეფიციტი, როდესაც ძალიან რთული ვითარება გავიარეთ. ხორბალთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული მიდგომა. ხორბალი სპეცპირობებით შევიძინეთ და იყო სპეციალური პირობა, რომ ფქვილის ფასი დაფიქსირებულიყო პურის ინდუსტრიისთვის პირველი ხარისხის ფქვილზე. იმ ხარისხზე, რომელიც პურის წარმოებაში გამოიყენება. ასევე, პურის ინდუსტრიისთვის მიღებულ იქნა საშეღავათო ფასი გაზის ტარიფზე. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა, მოსახლეობისთვის პურის ფასი გარანტირებულად შენარჩუნებულიყო“, – განაცხადა დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნაადრევი ბოსტნეული ძირითადად ძვირი ღირს, მაგრამ ახლა შევდივართ ფაზაში, როდესაც ადგილობრივი ბოსტნეული დიდი რაოდენობით შემოდის და მაისში ქვეყანა მასიურად მიიღებს ადგილობრივ წარმოებას, რაც შემდგომ თვეებში ფასების მნიშვნელოვან კლებას უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი