ლევან დავითაშვილი - პატიმრის გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომლის საქმეში ხელისუფლების ვერც ერთი შტო ვერ ჩაერევა
ლევან დავითაშვილი - პატიმრის გათავისუფლების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომლის საქმეში ხელისუფლების ვერც ერთი შტო ვერ ჩაერევა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 8 მარტის შეთანხებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.

მისივე თქმით, საქართველოში სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და ხელისუფლების ვერც ერთი შტო ვერ ჩაერევა.

„რაც შეეხება ამა თუ იმ პატიმრის გათავისუფლების საკითხს, ბუნებრივია, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არის კანონის უზენაესობა, სადაც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც არის დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, სასამართლოს საქმეში ვერ ჩაერევა ხელისუფლების ვერც ერთი სხვა შტო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, დავითაშვილის განმარტებით, ამერიკასთან საქართველოს თანამშრომლობის ხარისხი როგორც არასდროს, ისეა გაზრდილი.

„ამის დამამტკიცებელია ყველა ის განცხადება, რომელსაც ჩვენ ოფიციალური წყაროებიდან ვისმენთ. ასევე, ის გადადგმული ნაბიჯები, რომელსაც როგორც საქართველოს, ისე ამერიკის ხელისუფლება აკეთებს. მჭიდრო თანამშრომლობაა ბევრი მიმართულებით, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით. ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი