ლევან დავითაშვილი - „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ ბენეფიციარებისთვის საგრანტო თანადაფინანსებას ითვალისწინებს
ლევან დავითაშვილი - „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ ბენეფიციარებისთვის საგრანტო თანადაფინანსებას ითვალისწინებს

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“ არის საგრანტო პროგრამა, რომელიც საგრანტო თანადაფინანსებას ითვალისწინებს, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„პირობა არის ის, რომ ფერმერს, რა თქმა უნდა, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი უნდა ჰქონდეს, ფერმერთა რეესტრის მონაწილე იყოს და ჰქონდეს თავისი თანადაფინანსების შესაძლებლობა. ჩვენი თანადაფინანსება ამ შემთხვევაში არის 50%-იანი და ასევე არის ლიმიტირებული თანხით. ერთი ბენეფიციარისთვის არის მაქსიმუმ, 50 000 ლარი, მაგრამ დაფინანსების მეორე ნაწილი ფერმერმა შეიძლება, მოიტანოს ან საკუთარი კაპიტალის სახით, ან ასევე ისარგებლოს აგროკრედიტის შეღავათიანი პირობებით, ანუ საბანკო რესურსით, რომელიც ასევე გაიაფებულია. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თანადაფინანსება, ვადიანობაც საკმაოდ გრძელია და სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ხელშესახები დახმარებაა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ პრეზენტაციაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ერთწლიანი კულტურების წარმოების შემთხვევაში 5 000-დან 100 000 ლარამდე შეღავათიან სესხებს უკავშირდება.

„შეღავათიანი კი არა, ეს ფაქტობრივად უფასო სესხებია, რადგან ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთს მთლიანად ფარავს სახელმწიფო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, – განაცხადა დავითაშვილმა. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხელშეწყობის რა პროგრამაა გათვალისწინებული სამაცივრე მეურნეობების კუთხით, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სამაცივრე მეურნეობები სოფლის მეურნეობის საწარმოო ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და პროექტი, რომელიც რამდენიმე წელია ხორციელდება, სახელმწიფოს მხრიდან 600 000 ლარამდე გრანტს გულისხმობს.

„ფაქტობრივად, ეს არის საჩუქარი და დღევანდელი პირობებით ეს არის 50%-იანი თანადაფინანსება ასეთი შემნახველი მეურნეობებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც დაფინანსების მეორე ნაწილი ბენეფიციარმა შეიძლება, იმავე საკრედიტო რესურსის სახით მოიტანოს და აქაც შეღავათიანი პირობები არსებობს. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთს 11%-ის ოდენობით სახელმწიფო ფარავს, რამდენიმე წლის განმავლობაში და ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენთან ახალი სამაცივრე მეურნეობები გაჩნდეს. ასეთები ჩნდება და ყოველწლიურად რამდენიმე მეურნეობა გვემატება. იმედია, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტის შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეკითხვაზე, კონკრეტულად რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო მერძევეობის სფეროს წარმომადგენლებს, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მესაქონლეობას განსაკუთრებული დახმარება სჭირდება და ამ მიმართულებით დახმარება დღესაც ხორციელდება, მაგრამ პროფესიონალი დიდი ფერმერების გარდა ქვეყანას ჰყავს ძალიან ბევრი მცირე ფერმერი და ხელისუფლების ამოცანა სწორედ ასეთი მცირე მეურნეობების ხელშეწყობა-გაძლიერებაა იმ პროექტით, რომლის პრეზენტაციაც დღეს იყო.

„საგრანტო დახმარება 60-დან 80%-მდეა. ეს არის დაახლოებით, 26 000 ლარიდან 136 000 ლარამდე გრანტები, რომელიც ბევრ რგოლს მოიცავს, რაც მესაქონლეობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია. ეს უკავშირდება პირველად წარმოებას, პირობითად, ახალი საქონლის შეძენას და ფერმების მოწყობას. ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია სწორი საკვებწარმოება, საქონლის სწორად გამოკვება და ამ შემთხვევაში ეს უკავშირდება საკვებწარმოების ხელშეწყობას და ამ ნაწილში დახმარებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო ვეტერინარული სერვისების განვითარება და აქაც არის გრანტები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.