ლევან დავითაშვილი - აგროდაზღვევა არის სტაბილური მექანიზმი, რომელიც მოსავლის გადარჩენისა და კომპენსირების საშუალებას მოგვცემს
ლევან დავითაშვილი - აგროდაზღვევა არის სტაბილური მექანიზმი, რომელიც მოსავლის გადარჩენისა და კომპენსირების საშუალებას მოგვცემს

აგროდაზღვევა არის ის სტაბილური მექანიზმი, რომელიც მოსავლის გადარჩენის საშუალებას მოგცემს და დანაკარგებს კომპენსირებას გაუკეთებს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბოლო წლებში თანმიმდევრულად ვავითარებთ აგროდაზღვევას, რომელიც სტიქიური მოვლენებისგან ჩვენი ფერმერების დაცვის საშუალებას იძლევა. აგროდაზღვევა არის ის სტაბილური მექანიზმი, რომელიც მოსავლის გადარჩენის საშუალებას მოგცემს და კომპენსირებას გაუკეთებს დანაკარგებს, ზარალს, რომელსაც სტიქიური მოვლენები იწვევს ჩვენი ფერმერებისთვის. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ აგროდაზღვევის მხრიდან არ არის დაფარული გარკვეული მიმართულებები და ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებით, სტიქიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე, ეს არის სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა და ასე შემდეგ, ფერმერებს მთლიანად უზიანდებათ ბაღები. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა, არამედ მთლიანად მრავალწლიანი კულტურების დაზიანებას იწვევს ასეთი სტიქიური მოვლენები. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ბოლო სტიქიური მოვლენების დროს, როდესაც სტიქიური მოვლენები გვქონდა კახეთის რეგიონში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, დაზიანდა ახალშენი ვენახები და ფაქტობრივად, ჩვენს ფერმერებს ახლიდან უწევთ გაშენება, ბაღების აღდგენა. ამიტომ, ჩვენ შემოვიტანეთ ეს კომპონენტი, რომელიც დროში შეზღუდული არ არის, იმუშავებს ყველა რეგიონში, შემდეგ წლებშიც იმუშავებს და ფერმერებს მისცემს საშუალებას, რომ განაახლონ თავიანთი ბაღები იმ შემთხვევაში, თუ სტიქიური მოვლენები მოხდა. ფაქტიურად, სახელმწიფო 100 პროცენტით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას. ასევე, განსაკუთრებული მოქნილობა ეძლევათ ჩვენს ფერმერებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ , რომ ესა თუ ის მრავალწლიანი კულტურა სხვა კულტურით ჩაანაცვლონ. მათ საშუალება ეძლევათ, რომ ახალი კულტურის ბაღები გააშენონ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო სრულად დაფარავს ნერგის ღირებულებას.

„ეს ეხება, როგორც მრავალწლიანი კულტურების ბაღებს, ასევე ვენახებს. გარდა რქაწითელის, აქ ერთი მომენტია აღსანიშნავი, იცით,რ ომ სახელმწიფოს ბოლო წლების განმავლობაში უწევს რქაწითელის ყურძნის ჯიშის ინტენსიურად სუბსიდირება, იმიტომ რომ რეალურად ვხედავთ, რომ ბაზარზე არის რქაწითელის ჭარბი წარმოება და ამ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, ეს მომენტი გარკვეულწილად გამოვასწოროთ, დავაბალანსოთ. ამ შემთხვევაში, საშუალებაც ეძლევათ ფერმერებს, რომ იგივე ამ კულტურის სხვა ჯიშებით ჩანაცვლებაც მოახდინონ, რომელიც უფრო მეტად კომერციულად საინტერესო იყოს, ადვილად გასაყიდი იყოს, მეტი ღირებულება ჰქონდეს ფერმერებისთვის და მეტი სიკეთის მომტანი იყოს. ამიტომ, ეს მოქნილობა ფერმერებს ეძლევათ. ეს პროგრამა გავრცელდება უკვე 15 ივლისიდან შემდგომში პერიოდზე. შესაბამისად, მიმდინარე წელს, სტიქიური მოვლენებით დაზიანებულ ბაღებში ან ვენახებში ფერმერებისთვის შესაძლებელია სრულად ჩანაცვლდეს ნერგების ღირებულება, დაფინანსდეს სახელმწიფოს მხრიდან. მაქსიმალური ფართობი, რომელსაც სახელმწიფო დაფარავს, ეს არის 50 ჰექტარი და ესეც თანხვედრაშია ჩვენი პროგრამის, დანერგე მომავლის პირობებთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, „ყველას ექნება ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა“.

„ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი, აღიარებული სანერგე მეურნეობების. ასევე საშუალება ეძლევათ იმპორტული ნერგებით ჩანაცვლების. ასე რომ, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვზღუდავთ ფერმერებს. მათ ვაძლევთ საშუალებას, ხარისხიანი ნერგი თვითონ შეარჩიონ. ეს იქნება ქართული თუ იმპორტული, რომ მაქსიმალური ხარისხი მიიღონ და მაქსიმალური კომფჰქონდეთ. ამიტომ ჩვენ თანადაფინანსებაში შევდივართ და არა ნერგის დარიგებაში, რაც, რა თქმა უნდა, შეზღუდავდა მათ არჩევანს. ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს აღწერა, მაგრამ დაახლოებით ვიცით, შეფასება გვაქვს გაკეთებული რამდენ ათას ჰექტარს ფარავდა სტიქია. სტიქია ფარავდა დაახლოებით 4 000 ჰექტარს, თუმცა ეს არ იყო 100 პროცენტით დაზიანება. სხვადასხვა პროცენტით იყო დაზიანება მიყენებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება 1000 ჰექტრამდე ახალი ბაღების გაშენება დაფინანსდეს სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნება ფერმერების მაღალი აქტივობა. პროცედურის მიხედვით მათ სჭირდებათ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ იქ არსებობდა ბაღი, მოხდა სტიქიური მოვლენა, დაზიანდა და ჩანაცვლებას ექვემდებარება, მეტი სხვა მოთხოვნა არ არის“, – განაცხადა დავითაშვილმა.