ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება
ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შესაძლოა, ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან განცხადება რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში გაგზავნილი იყო 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე ეს კომუნიკაცია არ ყოფილა და ამიტომ აჟიოტაჟი, რომელიც საზოგადოებაში წარმოიშვა, ვფიქრობ, ალბათ ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მით უმეტეს ომის პირობებში, საქართველოს დამატებით ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, რომ მათ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა და ცხოველური წარმოშობის სურსათპროდუქტებს სპეციალური რეგულაციები აქვს. ანუ კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, რასაც კიდევ უფრო დეტალურად განმარტავს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ეს ინფორმაცია საქართველოდან გაგზავნილია 2020 წელს. 2020 წლიდან დღემდე არ ყოფილა ამაზე პასუხი. პასუხი იყო პარასკევს თუ შაბათს, როდესაც პრაქტიკულად რუსულმა მხარემ გადაწყვეტილებები მიიღო, რომ განცხადებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოდან მიღებული, შესაძლოა, ყოფილიყო დადებითი პასუხი. ეს არის მთელი ისტორია ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველო ბევრი საერთაშორისო გადაწყვეტილების ნაწილია, მაგრამ არ არის ცალკე ინდივიდუალური სანქციების დამწესებელი. „ამაზე მკაფიოდ ვისაუბრეთ მთელი კვირის განმავლობაში და განვმარტეთ თავისი მიზეზები და მიზნები“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ასევე, დავითაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება საუბრობს კონკრეტულ ფაქტებზე, ფაქტი კი ერთადერთია, რომ 2020 წელს ქართულმა კომპანიებმა დააფიქსირეს სურვილი. დავითაშვილის განმარტებით, საუბარია ფიტოსანიტარულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების მიმართ სპეციალურ პროცედურებზე.

„იყო განცხადებები გაგზავნილი. ამის შემდეგ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია და ჩვენ მივიღეთ პასუხი. არც ვარაუდები, არც სპეკულაციები, დანარჩენი დავივიწყოთ, რადგან ვიღაცები რაღაცას ამბობენ, არ მაინტერესებს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, ოფიციალური პირია, კერძო პირია. დავამთავროთ ინსინუაციები, ჩავთვალოთ, რომ ეს თემა არის დახურული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.