ლევან დადუნაშვილის მამამ ვაკის პარკში შეკრებილებს მიმართა [ფოტო]
ლევან დადუნაშვილის მამამ ვაკის პარკში შეკრებილებს მიმართა [ფოტო]

ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, დავით დადუნაშვილი მივიდა.

როგორც ლევან დადუნაშვილის მამამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ არ შეეძლო აქციაზე არ მისულიყო. მისივე თქმით, მთავრობა არ უარყოფს, რომ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში უყურადღებობაა დაშვებული.

ამასთან, დავით დადუნაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას გუშინ აქციაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ყველას მადლობას გეტყვით. მე პრემიერთან ვიყავი შეხვედრაზე და არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ . მაჩალიკაშვილიც და ზაზაც სიმართლეს ეძებენ. ის სიმართლე მათ აუცილებლად უნდა გაიგონ. უყურადღებობა რომაა დაშვებული, ამას მთავრობა არ უარყოფს. მიმაჩნია, რომ ამას გამოასწორებენ.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა, ეს მქონდა გულში. ნინო ლომჯარიას მიმართ ასე არ უნდა მოქცეულიყავით, მან ამ საქმეზე ბევრი გააკეთა. ქართველი კაცები და ახალგაზრდები იმით გამოირჩევიან, რომ ქალების მიმართ მიმტევებლები უნდა ვიყოთ, ეს მინდოდა აღმენიშნა. თქვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ“,- განაცხადა ლევან დადუნასვილის მამამ.

„სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე”- ამ ლოზუნგით, ვაკის პარკში აქცია იმართება.

ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.