ლევან ცუცქირიძე - დღევანდელ დებატებში სიმონ ჯანაშიამ სიმართლითა და ცოდნით გაიმარჯვა
ლევან ცუცქირიძე - დღევანდელ დებატებში სიმონ ჯანაშიამ სიმართლითა და ცოდნით გაიმარჯვა

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერის, ლევან ცუცქირიძის შეფასებით, დღევანდელ დებატებში მისმა თანაპარტიელმა, განათლების მკლევარმა, სიმონ ჯანაშიამ სიმართლითა და ცოდნით გაიმარჯვა. ამის შესახებ ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„„იმედის“ პირდაპირ ეთერში პირველად გამოჩნდნენ პოლიტპატიმრები. სიკომ პირდაპირ უჩვენა ძალაუფლებისგან გათავხედებულ პოლიტიკოსებს, რომ მათი დრო იწურება. „იმედის“ მაყურებლის წინაშე ამხილა ისინი იმ დანაშაულში, რასაც ქვეყნის მომავლის წინაშე ფულს დახარბებული ეს პოლიტიკური დაჯგუფება სჩადის. ყველამ დაინახა, თუ როგორი არაკომპეტენტური და მხდალი ლიდერები ჰყავს ამ პარტიას სინამდვილეში; როგორი უმწეოები არიან ისინი ცოდნისა და პრინციპული ადამიანების წინაშე.

შესაძლოა, „ოცნების“ მიერ ჩამოფარებულ წყვდიადში ეს სიმართლე ოთხი ანთებული ჩირაღდანივით იყო, მაგრამ ეს სინათლე კიდევ უფრო იმძლავრებს.

ჩვენში დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ძალა უმეცრებასა და თავხედობაშია, რომ უგულობა, დემაგოგია, სიცრუე, ადამიანების დამცირება, ინტრიგა და კონსპირაცია – უპირატესობის ის კოქტეილია, რომლითაც პოლიტიკური გამარჯვების სადღეგრძელო უნდა შეისვას. ამ დღეებში ზოგმა ნიშნის მოგებით, ზოგმა მხარდაჭერითა და გულისტივილით გვითხრა, რომ დემაგოგიას სიმართლითა და გულწრფელობით ვერ დაამარცხებ. სინამდვილეში ეს მახეა, რომელსაც „ოცნება” აქამდე ოსტატურად აგებდა – მან პოლიტიკა მორალისა და ზნეობისგან დაცალა, ხალხი დააჯერა, რომ ის მხოლოდ გაიძვერების ასპარეზია და ამით პოლიტიკას ბევრი პატრიოტი, გულწრფელი და მცოდნე ადამიანი ჩამოაცილა. ეს მისი ყველაზე დიდი დანაშაულია, თუმცა ასე ვეღარ გაგრძელდება.

პოლიტიკა იდეების სამყაროა და „თავისუფლების მოედნიდან“ მას სულ სხვაგვარად ვხედავთ – ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ბოროტების დასამარცხებლად მასზე სასტიკი, ვერაგი და შეუწყნარებლები უნდა გავხდეთ. ჩვენი ძალა სიმართლეშია. ჩვენი ძალაა ცოდნა, გულწრფელობა და პატიოსნება.

პატრიოტიზმი ჩვენთვის პროფესიონალიზმში, კომპერტენციასა და ხშირად ყველასათვის უხილავ ყოველდღიურ შრომაშია; ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაშიც, რომლებიც შეიძლება, მხარდამჭერთა კრიტიკის საგანიც გახდეს. ჩვენი საქმის ნაწილია იმის გაძლებაც, რომ ხშირად, შეიძლება, ისეთმა ხალხმა დაგაბრალოს ბოროტებასთან გარიგება, გუშინ რომ თანამებრძოლად გეგულებოდა. ნამდვილი პოლიტიკა არ არის სიბნელე, უნდობლობა და ძალადობა – ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიქველეა, რაც მოქალაქემ შეიძლება აკეთოს. ჩვენი პოლიტიკური პარტია თანამებრძოლთა ერთობაა, რომლებიც საქმით და რწმენით მოქმედებს.

მადლობა ყველას, ვინც გვამხნევებდა, მადლობა ყველას, ვინც გვენდო. ერთმანეთის ნდობის გარეშე ბრძოლას ვერავინ მოიგებს, ნდობაზე დგას დემოკრატიაც და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოებაც.

გამარჯვებისკენ სავალ გზას თქვენთან ერთად ასე გავივლით, საქმით და რწმენით, საქართველოს გულისთვის!“ – წერს ცუცქურიძე.