ლევან ჩაჩუა - ყველანაირად ხელს შევუშლით და არ ჩავატარებინებთ პრაიდს, რაც არ უნდა იბაქიბუქონ და ვინც არ უნდა დაუდგეს უკან
ლევან ჩაჩუა - ყველანაირად ხელს შევუშლით და არ ჩავატარებინებთ პრაიდს, რაც არ უნდა იბაქიბუქონ და ვინც არ უნდა დაუდგეს უკან

არ ჩავატარებინებთ პრაიდს, რაც არ უნდა იბაქიბუქონ, ვინც არ უნდა დაუდგეს უკან, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილემ, ლევან ჩაჩუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის სწორი მისი ლევან ვასაძის მხარდამჭერად დასახელება, რადგან ლევან ვასაძის მიერ გამართულ აქციამდეც ჰქონდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა.

„ჩვენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურად ვაქტიურობდით მანამდე, სანამ ბატონი ლევანი გააკეთებდა განცხადებას. კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბატონი ლევანი მობრძანდა ჩვენს მიერ ორგანიზებულ აქციაზე, მერე ჩვენც მივედით მის მიერ დაანონსებულ აქციაზე. როდესაც საქმე ეხება გარყვნილების პროპაგანდას ქვეყანაში, ჩვენ ვართ ერთსულოვნები. სხვა რამე ბიზნესპარტნიორობა ან პოლიტიკრი გადაკვეთები არ გაგვაჩნია. ამიტომ ისე ნუ დაგვასახელებთ, როგორც ვასაძის მხარდამჭერები. მე ვარ პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ნებისმიერ დესტაბილიზაციაზე.

„სახელმწიფოს ჩინოვნიკებს ვქირაობთ. ეს არ არის შთამომავლობით მიღებული თანამდებობები. ნებისმიერი დღევანდელი ჩინოვნიკი, ეს იქნება პარლამენტის წევრი, მთავრობის თუ პოლიციის წევრი, ესენი არიან ჩვენს მიერ დაქირავებული, დაფინანსებული და ჩვენთან ანგარიშვალდებული. თუ ისინი არ მოახერხებენ ქართველი ხალხის სურვილის გამოხატვას, მაშინ ისინი იქცევიან მოძალადეებად და როგორც ვიქირავებთ, ისე გავისტუმრებთ ამ ხალხს“, – აღნიშნა ლევან ჩაჩუამ.

მისი თქმით, ყველანაირად ხელს შეუშლიან „თბილისი პრაიდს“.

„არ ჩავატარებინებთ, რაც არ უნდა იბაქიბუქონ, ვინც არ უნდა დაუდგნენ უკან. მინდა, პირდაპირ მოვუწოდო იმ საელჩოების და უცხოურ მისიების წარმომადგენლებს, ვინც აქეზებს ქართულ სახელმწიფოს იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს ქართულ სახელმწიფოებრიობას, მათი ეს ძალადობა ქართველებზე პირდაპირ განაპირობებს ანტიდასავლური განწყობების შექმნას საქართველოში. ეს ადამიანები პირდაპირ ეწევიან დასავლური კურსის დისკრედიტაციას. იმ საელჩოს წარმომადგენლები, რომლებიც კადნიერდებიან, ჩვენს იერარქებს იბარებენ საელჩოში, ხვდება რამდენიმე ელჩი და პასუხს სთხოვენ იმის გამო, როგორ გააკეთა საპატრიარქომ ასეთი განცხადება, ჯერ ერთი საპატრიარქოს და ჩვენს იერარქიას რა უფლება აქვს, სხვა განცხადება გააკეთონ. აქ საქმე ეხება ჩვენი ერის მომავალ განვითარებას, სულიერებას და ზნეობრიობას. ეს არის დადგენილი სწორედ ამისთვის. ის მწყემსია, რომელიც დაინახავს, როგორ მოდის მგელი და იპარავს მის სამწყსოს, ხმა უნდა აღიმაღლოს. საკმაოდ სწორი და პრინციპული პასუხები მიიღეს ელჩებმა და ამის შემდეგ არ მგონია, კიდევ გაკადნიერდნენ“, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.