ლევან ჩაჩუა - ამ ქვეყანაში გეიპრაიდებს არ ჩავატარებინებთ, გინდ დაგვიჭირონ, გინდ - დაგვხვრიტონ
ლევან ჩაჩუა - ამ ქვეყანაში გეიპრაიდებს არ ჩავატარებინებთ, გინდ დაგვიჭირონ, გინდ - დაგვხვრიტონ

ხელისუფლებას უნდა, დაშინებით, სხვა ძალისმიერი მეთოდებით ჩვენი შეშინება, – ამის შესახებ ვერის ბაღში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ლევან ჩაჩუამ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გამომძიებლების მხრიდან შეკითხვები ძირითადად გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დაისვა.

„შეკითხვები ეხებოდა იმას, თითქოს შეიარაღებული ბანდფორმირების ჩამოყალიბებას ვაპირებთ. რა ვიცი, ხელისუფლებას თუ იმდენად უგუნური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ლევან ვასაძე დააკავონ, მაშინ პირდაპირ მინდა, ვუთხრა, რომ ეს კაცი არ შეუშინდება არც ციხეს, არც სხვა დევნას. ხელისუფლებას უნდა, დაშინებით, სხვა ძალისმიერი მეთოდებით ჩვენი შეშინება. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ ქვეყანაში გეიპრაიდებს ჩვენ არ ჩავატარებინებთ, გინდ დაგვიჭირონ, გინდ დაგვხვრიტონ. ეს კარგად იცოდნენ მათაც და იმ საელჩოების წარმომადგენლებმაც, რომლებსაც ქართველ ხალხს და ძალოვან სტრუქტურებს შორის დაპირისპირება სურთ.

ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, ამის გონიერება გვყოფნის, რომ ეს არ გავაკეთოთ და თუ ხელისუფლებას უნდა, მიიღოს 26 მაისის და 7 ნოემბრის მსგავსი დღეები და იმ რეპრესიული მანქანების შემდეგ წინა ხელისუფლების გამოცდილებას არ გაიზიარებს, უარეს ხვედრს გაიზიარებს მაშინ ქართველი ხალხისგან“, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

დიღმის სამმართველოში ამ დროისთვის გამოკითხვაზე ორი პირი რჩება. ლევან ჩაჩუას გარდა, სამმართველოდან გამოვიდა ხუთი პირი, რომლებიც უწყებაში 22:00 საათისთვის მივიდნენ. მათი გამოკითხვა დღეს არ ჩატარებულა, რადგან კანონმდებლობით 22:00 საათის შემდეგ გამოკითხვა არ იწყება.