ლევან ბოძაშვილი - რადიკალური ნაბიჯებით და მიდგომებით ოპოზიცია უკანდასახევ გზას უფრო მეტად ავიწროვებს
ლევან ბოძაშვილი - რადიკალური ნაბიჯებით და მიდგომებით ოპოზიცია უკანდასახევ გზას უფრო მეტად ავიწროვებს

ამ ეტაპზე ხუთი პარტია, რომელიც ხვალ მემორანდუმს აფორმებს, ამით გარკვეულწილად, ფორმალურადაც მოიჭრის გზას, – ამის შესახებ საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების სპეციალისტმა, კონსტიტუციონალისტმა, ლევან ბოძაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ასეთი რადიკალური ნაბიჯებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, ისინი უკანდასახევ გზას უფრო მეტად ავიწროვებენ. ეს უკანდასახევი გზა პარლამენტში შესვლაა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამას გარკვეულწილად მოითხოვს. ეს ალბათობაც არ უნდა გამოვტოვოთ“, – განაცხადა ბოძაშვილმა

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, თავიანთი ამომრჩევლების კეთილგანწყობასაც დაკარგავენ იმ თვალსაზრისით, რომ მათ ამ მხარდაჭერის პოლიტიკურ შედეგში გარდასახვა ვერ მოახერხეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია ოპოზიციის სტრატეგია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ლევან ბოძაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეს აბსოლუტურად არარეალისტური ამოცანაა.

„ამ ყველაფრის პოლიტიკური არსი იმაში მდგომარეობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული პარტიები უმრავლესობას ვერ მოიპოვებდნენ, მაშინვე რევოლუციური სცენარი უნდა განვითარებულიყო და ამის შემდეგ, პროგრამა მაქსიმუმი იყო რიგგარეშე არჩევნები, რომელიც ახლა დგას, მაგრამ აქ პირადად ჩემთვის ყველაზე გაუგებარი ისაა, რომ თუ ერთობას მიაჩნდა, რომ არჩევნები თავიდან ბოლომდე გაყალბდა და პარლამენტში შესვლა პოლიტიკური და სამართლებრივის გარდა, მორალური საკითხია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა შესვლით არ შეიძლება, ლეგიტიმაცია განახორციელონ, საერთოდ ამ მოლაპარაკებებზე რატომ წავიდნენ? აქ მათ ორი გზა ჰქონდათ – ან შინ ყოფილიყვნენ, ან რუსთაველზე“, – განაცხადა ბოძაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციური ერთობა საკმაოდ არამყარი ცემენტისგან შეიკრა.

„ყველაზე კურიოზული განცხადებებიც კი გაკეთდა, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, თუ სხვები არ შევლენო. ანუ, ირიბი დათანხმება იყო – არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ პარლამენტში იმიტომ არ შევდივართ, რომ სხვებიც არ შედიანო“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.