ლევან ბერძენიშვილი - ციხესთან მოყარეს ის ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, წამლიდან წამლამდე აზროვნებს
მართალი გითხრათ, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი გააკვირვა, მათ შორის მომხრეებიც და მთავრობა ხომ გააკვირვა და გააკვირვა, – განაცხადა ყოფილმა „რესპუბლიკელმა“, ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
ლევან ბერძენიშვილმა კომენტარი გააკეთა იმ აქციის შესახებ, რომელიც საღამოს რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან გაიმართა.
„მათ ჩამოიყვანეს, ჩამორეკეს ადამიანები, ყველას გაგება შეიძლება, მაგრამ ერთ თარგზე ჩამოსხმული ადამიანი არიან. მათ იოლად ვცნობ, რადგან პარლამენტის წევრი რომ ხარ, ჩვენც გვქონდა ასაღები ეს ცნობა და მეტადონის პროგრამას კარგად ვიცნობ თბილისშიც და ქუთაისშიც. ერთი-ორი ადამიანი ვიცანი მეტადონიდან. ამ დონეზე რომ დავა ხელისუფლება, იმის იმედი, რომ აქვს, თავად ვერ გასცემს პასუხს და მათ მაგივრად პასუხს გასცემს წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი, რომელიც ბედნიერია, რომ ციხეში კი არ ზის, არამედ გარედან აგინებს პრეზიდენტს“, – განაცხადა ბეძენიშვილმა.
ბერძენიშვილის მოსაზრებით, სააკაშვილი საქართველოში რომ ჩამოვიდა, ეს ნიშნავდა, რომ მან „სერიოზულად გადაიაზრა ყველაფერი“.
„მიხეილ სააკაშვილმა დაიმსახურა პატივისცემა. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმით დაიმსახურა, რომ ღირსეულად იბრძვის, როგორც უნდა იბრძოდეს პატიმარი.
ფაქტია, რომ კაცი მძიმე ბრძოლაში შევიდა, იმსახურებს სიმპათიას, იმათ სიმპათიასაც იმსახურებს, ვისაც საერთოდ არ აქვს არც სიმპათიის, არც ემპათიის და არც არანაირი ადამიანური სურვილი; იმათგანაც იმსახურებს, ამიტომ მოყარეს ის ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, წამლიდან წამლამდე აზროვნებს“, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი შანსი არჩევნებში მონაწილეობაა.
„სააკაშვილის გათავისუფლება და თბილისის გათავისუფლება არის ერთი და იგივე, ერთი პროგრამა ერთი გამარჯვება, 30-ში წყდება ერთიც და მეორეც. 30-ის არჩევნების ოდნავი დაკნინებაც კი ძალიან საშიშია, რადგან ეს არის რეალური გზა, თუ ამ გზას არ აქვს შედეგი, მაშინ იწყება სხვა გზა და არ გვინდა ეს გზა, არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს უნდოდეს დაპირისპირება, ჩხუბი და დავიდარაბა, მერე კი ვიცით, სად გადაიზრდება“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.