ლევან ბეჟაშვილი - ვახტანგ გომელაური პარლამენტში უნდა მოვიდეს, მოისმინოს მისი საქმიანობის შესახებ ოპოზიციური პარტიების აზრი და წავიდეს სახლში
ლევან ბეჟაშვილი - ვახტანგ გომელაური პარლამენტში უნდა მოვიდეს, მოისმინოს მისი საქმიანობის შესახებ ოპოზიციური პარტიების აზრი და წავიდეს სახლში

ვახტანგ გომელაური პარლამენტში უნდა მოვიდეს, მოისმინოს მისი საქმიანობის შესახებ ოპოზიციური პარტიების აზრი და წავიდეს სახლში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე რეალური პასუხისმგებელი პრემიერ-მინისტრთან ერთად, ძალოვანი უწყების წარმომადგენელები არიან, რომელთაც ვერ უზრუნველყვეს, სათანადო სიმაღლეზე ყოფილიყვნენ და მოქალაქეების უსაფრთხოება დაეცვათ.

„ეს განზრახ გაკეთდა, თუ დანაშაულებრივ გულგრილობასთან გვქონდა საქმე, ცალკე გამოსაძიებელია. რეალურად, ჩვენ ხელისუფლების აბსოლუტური უმოქმედობა ვნახეთ, რამაც შემდგომი ტრაგიკული შემთხვევები განაპირობა. ამიტომ გომელაურს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, ხოლო პასუხის შემდეგ, ის უნდა წავიდეს არა მთავრობაში, არამედ სახლში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ. ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.