ლევან ბეჟაშვილი - ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, დიდ მიზანს სერიოზული საორგანიზაციო სამუშაო სჭირდება, პარტიული კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყება
ლევან ბეჟაშვილი - ვადამდელი არჩევნები აუცილებელია, დიდ მიზანს სერიოზული საორგანიზაციო სამუშაო სჭირდება, პარტიული კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყანას ახალი ათვლის წერტილი სჭირდება, რის გამოც აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მისივე თქმით, დიდ მიზანს სერიოზული საორგანიზაციო სამუშაო სჭირდება და პარტიული კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ქვეყანა ძალიან მძიმე სტაგნაციაშია, ყველა მაჩვენებელი ეკონომიკური თუ სოციალური, გაუარესებულია. ქვეყანას ახალი ათვლის წერტილი სჭირდება, ამიტომ არის აუცილებელი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომ ნებისმიერ მთავრობას ჰქონდეს ხალხის მანდატი. სწორედ ამ მანდატისათვის უნდა ვიბრძოლოთ მთლიანად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ქვეყანა ასე დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ განვითარდება. შეუძლებელია, ერთპარტიული დიქტატურა მართავდეს ქვეყანას. დიდ მიზანს სერიოზული საორგანიზაციო სამუშაო სჭირდება. პარტიული კონსულტაციები უახლოესი პერიოდის განმავლობაში დაიწყება. ჩვენ საზოგადოებას სჭირდება მობილიზება, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას ხალხის მხარდაჭერის გარეშე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და პარტიის წევრების უკრაინაში ჩასვლის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, ვიზიტისას საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, რა დროსაც ისაუბრეს, როგორ უნდა გამოხატოს ქართველმა ხალხმა უკრაინის მიმართ მეტი სოლიდარობა, თანადგომა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და პარტიის წევრების უკრაინაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გაიმართა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და რადას ხელმძღვანელობასთან. საკითხები ეძღვნებოდა, უმძიმეს წუთებში როგორ უნდა გამოხატოს ქართველმა ხალხმა მეტი სოლიდარობა, თანადგომა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.