ლევან ბეჟაშვილი - თაკო ჩარკვიანის ინფორმაციას ექნება თუ არა საფუძველი, ამას უახლოეს პერიოდში დავინახავთ, მკითხაობა და ბრალდებები ისედაც ნეგატიურ სივრცეს ავნებს
ლევან ბეჟაშვილი - თაკო ჩარკვიანის ინფორმაციას ექნება თუ არა საფუძველი, ამას უახლოეს პერიოდში დავინახავთ, მკითხაობა და ბრალდებები ისედაც ნეგატიურ სივრცეს ავნებს

თაკო ჩარკვიანის ინფორმაციას ექნება თუ არა საფუძველი, ამას უახლოეს პერიოდში დავინახავთ, მკითხაობა და ბრალდებები ისედაც ნეგატიურ სივრცეს ავნებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომლის მიხედვით, ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან.

ბეჟაშვილის თქმით, ვერ ხედავს ვარაუდის საფუძველს, დატოვებს თუ არა პარტიას ნიკა მელია.

„ვფიქრობ, ყველა უნდა გამოვიდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნების პროცესის ინერციიდან. ნიკა მელიას განცხადებაში ჩვენ მიმართ ბრალდებები ვერ ამოვიკითხე, თუ ვინმემ ამოიკითხა, არარელევანტურია. თაკო ჩარკვიანის ინფორმაცია მისი ინფორმაციაა. შეიძლება, მას ჰქონდეს გარკვეული მოტივაცია, ანალიტიკური კვლევა ჰქონდეს საფუძვლად ან სხვა ინფორმაცია. პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება, ვნახავთ. ნიკა მელია დატოვებს თუ არა პარტიას, ასეთი ვარაუდის საფუძველს ვერ ვხედავ. ხატია დეკანოიძის შემთხვევაშიც პარტიის დატოვება კონკრეტულად რამ განაპირობა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არ არის. პარტიის განვითარებაზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები დაპირისპირებას არ ნიშნავს. არჩევნების შემდეგ არავის გაუმარჯვია, ეს არ იყო გამარჯვებულისა და დამარცხებულის არჩევნები. ეს იყო არჩევნები, სადაც პარტიის აქტივმა არჩევანი პარტიის განვითარებაზე გააკეთა.

რაც შეხება ნიკა გილაურს, მის სახელს მნიშვნელოვანი წარმატებები უკავშირდება. ის წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესს. თავისი ფინანსური ინტერესები და წონა აქვს საქართველოს ეკონომიკაში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს – პოლიტიკურ პარტიას შექმნის თუ არა, მისი საქმეა. 2020 წელს ნიკა გილაური განიხილებოდა საარჩევნო სიაში ჩართვის თვალსაზრისით, თუმცა ეს საკითხი მას შემდეგ მოიხსნა, რაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დასახელდა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, რომელმაც აღნიშნა: „ადვილი გამოსაცნობია, ჩარკვიანი ვისაც ახმოვანებს. „კაგებეს“ მეთოდით ჭორების გამავრცელებლები შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ“.