ლევან ბეჟაშვილი - საპარლამენტო არჩევნების გაყალბებიდან ასი დღის შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოძიებაზე საუბარი ცინიზმია
ლევან ბეჟაშვილი - საპარლამენტო არჩევნების გაყალბებიდან ასი დღის შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოძიებაზე საუბარი ცინიზმია

საპარლამენტო არჩევნების გაყალბებიდან ასი დღის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოძიებასთან დაკავშირებით საუბარი, ცოტა არ იყოს, ცინიზმია, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაში ჩართვას არ აპირებენ.

​„როდესაც, ცხელ კვალზე ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვითხოვდით გაყალბების ფაქტების წარდგინებით შესაბამისი გამოძიების წარმოებას, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, საარჩევნო უბნების გაუქმებას და გადათვლას, მაშინ არ დაგვიკმაყოფილეს. დღეს უკვე როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყველაფერი აქვს გაკეთებული, რომ ცხელი კვალი და გაყალბების ფაქტები მოშალოს, გაასწოროს და შესაბამისობაში მოიყვანოს, ბუნებრივია, აზრი არ აქვს. არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის მთავარი ხერხი მხოლოდ და მხოლოდ იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ჟვანიას, როგორც მთავარი გამყალბებლის მოშორება ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რაც უკვე აღვნიშნე – მონაწილეობა ამ საგამოძიებო კომისიაში ნამდვილად ფარსს ემსგავსება და არ ვაპირებთ. მთავარი შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლება მიტაცებულ „ქართულ ოცნებას“ შორის უნდა მოხდეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების განსაზღვრასა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ჟვანია აუცილებლად უნდა გადადგეს“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება. დადგენილების პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგების შესწავლას სთავაზობს და პირობას დებს, რომ კომისიის მიერ ერთპროცენტიანი გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.