ლევან ბეჟაშვილი - სამ-ოთხკვირიანი პერიოდი რაციონალურად თუ არ იქნება გამოყენებული, კრიზისი კიდევ უფრო ღრმა ფაზაში შევა
ლევან ბეჟაშვილი - სამ-ოთხკვირიანი პერიოდი რაციონალურად თუ არ იქნება გამოყენებული, კრიზისი კიდევ უფრო ღრმა ფაზაში შევა

სამ-ოთხკვირიანი პერიოდი რაციონალურად თუ არ იქნება გამოყენებული, კრიზისი კიდევ უფრო ღრმა ფაზაში შევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები დაკმაყოფილდება პარლამენტიდან გასვლის თაობაზე, საკმარისი დროა მნიშვნელოვანი შეთანხმების მისაღწევად.

„ოპოზიცია არ გადის მოლაპარაკებიდან. ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ შანსს პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამიტომ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. განცხადებები დაწერილია, რადგან ვალდებული ვიყავით, ეს გაგვეკეთებინა, თუმცა ვიდრე ეს განცხადებები დაკმაყოფილდება, საკმარისი დროა, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნეს მიღწეული. ჩვენ არ ვითხოვთ ოპოზიციის ანგარიშის გაწევას, რადგან დღეს საპირწონედ არის საზოგადოების ინტერესები, ექნება თუ არა ამ საზოგადოებას არჩევანის უფლება და ხელისუფლების დაკომპლექტების უფლება, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

დაახლოებით სამ-ოთხკვირიანი პერიოდი რაციონალურად თუ არ იქნება გამოყენებული და არ იქნება კონკრეტული შედეგები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში კრიზისი კიდევ უფრო ღრმა ფაზაში შევა. ბუნებრივია, ამას თავისი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური შედეგები ექნება ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.