ლევან ბეჟაშვილი - სახალხო დამცველის არჩევის ახალ პროცედურასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, მეორე მოსმენისთვის კონკრეტული შენიშვნების გამოთქმის საშუალება უნდა მოგვეცეს
ლევან ბეჟაშვილი - სახალხო დამცველის არჩევის ახალ პროცედურასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, მეორე მოსმენისთვის კონკრეტული შენიშვნების გამოთქმის საშუალება უნდა მოგვეცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის ახალ პროცედურასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, რომლებიც დაზუსტებებს საჭიროებს.

მისივე თქმით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას უნდა მიეცეთ საშუალება, რომ კონკრეტული შენიშვნები გამოთქვან.

როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ მ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევა საერთო კონსენსუსის საფუძველზე მოხდეს.

„ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა ფრთხილი ოპტიმიზმით მხარი დაუჭირა სახალხო დამცველის არჩევის ახალ პროცედურას. არის გარკვეული საკითხები, რომლებიც კიდევ კითხვებს წარმოშობს და დაზუსტებებს საჭიროებს. ამიტომ მეორე მოსმენისთვის ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, კონკრეტული შენიშვნები გამოვთქვათ და ფორმულირებებზე ვიმსჯელოთ. მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევა მოხდეს საერთო კონსენსუსის საფუძველზე. გარკვეული ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა, თუმცა ეს კონკრეტული ჩანაწერები პოლიტიკურ ნებაში უნდა გამოიხატოს და ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცეს საშუალება, კარგი სახალხო დამცველის კანდიდატურა შეარჩიოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რეგლამენტში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი პროცედურით მოხდება. რეგლამენტში ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილმა დაუჭირა მხარი, მათ შორის ინიცირებულ პროექტს ხმა მისცა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსმა წევრმა.