ლევან ბეჟაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური მეთოდი, მათ შორის, აქციები იყოს გამოყენებული, თუმცა დღეს მთავარი ბრძოლის ველი გადის პარლამენტში
ლევან ბეჟაშვილი - საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური მეთოდი, მათ შორის, აქციები იყოს გამოყენებული, თუმცა დღეს მთავარი ბრძოლის ველი გადის პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, აქციებთან დაკავშირებით კონსულტაცია ჯერ არ გამართულა.

მისი თქმით, დღეს მთავარი ბრძოლის ველი გადის პარლამენტში.

„აქცია, ბუნებრივია, თვითმიზანი არ იქნება. საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს სჭირდება მართვა. გადაწყვეტილების მისაღებად შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკური მეთოდი იყოს გამოყენებული, მათ შორის, აქციებიც ჩატარდეს. თუმცა დღეს მთავარი ბრძოლის ველი გადის პარლამენტში. ეს პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღოს. რაც მთავარია, „ქართულ ოცნებას“ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომ დღეს ისინი პოლიტიკური მფარველები არიან სასამართლოში არსებული კლანური რეჟიმის“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „მოდით, გავშალოთ ფრონტი და ვთქვათ: „არა კლანს სასამართლოში“, საზოგადოების პროტესტის გარეშე „ქართული ოცნება“ უკან არ იხევს“. აქციებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემაც და აღნიშნა: „უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით პროტესტის კერები გავაჩინოთ, ან გამოვალთ ქუჩაში, ან ზაფხულში მოგვიწევს ბუზებთან და კოღოებთან ბრძოლა“.