ლევან ბეჟაშვილი - საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში გამოტოვებულია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ მოხდება ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა
ლევან ბეჟაშვილი - საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში გამოტოვებულია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორ მოხდება ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები არაფერს ამბობს, როგორ მოხდება ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა.

როგორც ჟურნალისტებს ბეჟაშვილმა განუცხადა, წარდგენილი ცვლილებები არასრულყოფილია, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია გამოტოვებული.

„საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები არასრულყოფილია, რადგან ამ ცვლილებებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია გამოტოვებული. ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მილიონობით მოქალაქეს შეზღუდული აქვს საარჩევნო უფლება და საარჩევნო კოდექსის ცვლილებები არაფერს ამბობს, როგორ მოხდება მათ მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

როცა საუბარია ელექტრონულ არჩევნებზე, გეტყვით, რომ ეს არის ელექტრონული ხმის დათვლა და გათვალისწინებული არ არის შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა არჩევნებში ხმა მისცენ ელექტრონული სისტემით. ამის სრულყოფა უნდა მოხდეს. ამავე დროს, არჩევნების ჩატარება ამომრჩეველთა 70 პროცენტში კი არ უნდა მოხდეს, არამედ ასი პროცენტის შემთხვევაში. ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების არჩევა ხდება არა კომისიის წევრების მიერ, არამედ საოლქო კომისიების მიერ, რაც ცენტრალიზაციას და პოლიტიკური პარტიების გავლენას უფრო გაზრდის საოლქო საარჩევნო კომისიებზე. გარკვეული საკითხებია, რაც შეიძლება დადებითად ჩაითვალოს, თუმცა ამ დანაკლისების ფონზე, პოზიტივი უფერულდება, – განაცხადა ბეჟაშვილმა.