ლევან ბეჟაშვილი - რეფერენდუმის მეორე ტურში უნდა შევიდეთ ერთობლივი ძალისხმევით
ლევან ბეჟაშვილი - რეფერენდუმის მეორე ტურში უნდა შევიდეთ ერთობლივი ძალისხმევით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დიდ ქალაქში არჩევნები წააგო.

„რაც შეეხება 43 პროცენტს, უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დიდ ქალაქში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, თელავი, წააგო არჩევნები და ყველგან მიიღო 43%-ზე ბევრად ნაკლები. შესაბამისად, თუ ახლა „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ მათი გამარჯვებით მარნეულის, ახალქალაქის, ნინოწმინდის და ასე შემდეგ, მაღალი, 80/70 %-იანი შედეგებით უნდა დაბალანსდეს ეს, მათ სინდისზე იყოს. რეალურად, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა 43 პროცენტთან მიმართებაში ცხადად გასცა პასუხი. ამ დიდ ქალაქებში, ყველა დიდ რაიონში პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ“ წააგო არჩევნები და მეორე ტურები იმართება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, „ოპოზიციისთვის მთავარია, რომ რეფერენდუმი უნდა გაგრძელდეს მეორე ტურში“.

„რეფერენდუმის პირველი ტური შედგა, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან რაიონებში წააგო არჩევნები, ამიტომ რეფერენდუმის მეორე ტურში ჩვენ უნდა შევიდეთ ერთობლივი ძალისხმევით, ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“,  რომ დრო არის ხელისუფლებიდან წასვლის, რადგან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლებამ რესურსი ამოწურა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი ამბობს, რომ მეორე ტურის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით როგორც პარტიაში, ასევე სხვა პარტიებთან გაგრძელდება საუბარი.

„ოპოზოციურ პარტიებში მომწიფებულია აზრი, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, რომ ცესკო-მ არჩევნების შედეგების ყველაზე ცუდი პროცესი შემოგვთავაზა. ვნახეთ, რომ 11 საათის განმავლობაში ცესკო-მ ვერ შეძლო შედეგების გამოქვეყნება და გამოაქვეყნეს ის შედეგები, რომლებიც ეფუძნებოდა 41 პროცენტს არჩევნების შედეგებისა. ჩვენ გვაქვს კითხვა, რა პროცესებია ამ დროს ცესკო-ში, შეუძლებელი, 11 საათი დასჭირდეს უბანზე არჩევნების შედეგების შეჯამებას. ცალსახა იყო, რომ მანიპულაციისთვის სჭირდებოდათ. ჩვენ ახლა ვამოწმებთ ჩვენი ოქმების და სხვა პარტიების ოქმების საფუძველზე. არის საკმაოდ ხარვეზები დაბალნსებასთან დაკავშირებით. ვამოწმებთ ამ შედეგებს და შემდგომ უკვე გვექნება რეაგირება“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.